რუსეთში, ბელგოროდის ოლქში დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე დაშავდა - ამის შესახებ ინფორმაციას ოლქის გუბერნატორი ავრცელებს და დაბომბვაში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ადანაშაულებს.
"უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაბომბეს სოფელი გორკოვსკი, გრაივორონის ურბანულ ოლქში. ნამსხვრევების ჭრილობებით ერთი კაცი დაიღუპა, დაშავდა ოთხი ადამიანი", - თქვა ვიაჩესლავ გლადკოვმა.
მისივე თქმით, ქალაქ შებეკინოში ერთი დრონი ჩამოაგდეს - გუბერნატორი წერს, რომ ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
უკრაინულ მხარეს მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.
21 მაისს, გვიან ღამით ბელგოროდის რეგიონში ვითარება დაიძაბა. ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ სოფელ გოლოვჩინოში მდებარე ადმინისტრაციულ შენობაზე დრონით თავდასხმა განხორციელდა.
რუსული პროპაგანდისტული მედიები ავრცელებდნენ ცნობებს, რომ "უკრაინელი დივერსანტები" ცდილობდნენ ბელგოროდის ოლქში შეღწევას - მოგვიანებით, რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ მათი საკონტროლო გამშვები პუნქტი სახელწოდებით გრაივორონი, რომელიც ბელგოროდის ოლქში მდებარეობს, ალყაში მოაქციეს.
ბელგოროდში მიმდინარე მოვლენებს კრემლის სპიკერი დიმიტრი პესკოვი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ბელგოროდის ტერიტორიაზე უკრაინელი დივერსანტების შეღწევის მცდელობის შესახებ ინფორმირებული" იყო. პესკოვი ამბობდა, რომ "უკრაინის დივერსიის მიზანი ბახმუტის მიმართულებით არსებული სიტუაციიდან ყურადღების გადატანა" იყო.
რაც შეეხება უკრაინულ მხარეს, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ "უკრაინა პირდაპირ არ არის დაკავშირებული ბელგოროდის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან".