logo
ENG



საქართველოს მწერალთა სახლს ქეთევან დუმბაძე უხელმძღვანელებს

10 აგვ 202310:32
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს მწერალთა სახლს 4 სექტემბრიდან ქეთევან დუმბაძე უხელმძღვანელებს. ინფორმაციას ამის შესახებ კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

ქეთევან დუმბაძე ამჟამად საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრია. სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტის დეპუტატს საშემოდგომო სესიაზე უფლებამოსილება შეუწყდება.

იგი ერთ-ერთი დეპუტატი იყო, რომელიც უცხოური აგენტების შესახებ ე.წ. რუსულ კანონს მხარს უჭერდა. როგორც მან განმარტა, ტექნიკური ხარვეზის გამო კანონპროექტს ხმა ვერ მისცა, თუმცა გადაწყვეტილება გუნდის სასარგებლოდ მიიღო. 

ქეთევან დუმბაძე მწერალ ნოდარ დუმბაძის შვილია.

1977-1993 წლებში იგი მუშაობდა მწერალთა კავშირთან არსებულ მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების მთავარ სარედაქციო კოლეგიაში.

1990-იანი წლებიდან 2013 წლამდე აქტიურად საქმიანობდა სატელევიზიო სფეროშიც. არის არაერთი ტელევიზიის საინფორმაციო, შემეცნებითი, საავტორო გადაცემებისა და პროექტების ავტორი და პროდიუსერი.

1993-1999 წლებში იგი სხვადასხვა პოზიციას იკავებდა საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახუში. 2013-2017 წლებში იყო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი, 2018 წელს - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ექსპერტი, ასევე, ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტის - "ცოცხალი წიგნები" - ხელმძღვანელი.

აგვისტოს დასაწყისში მწერალთა სახლის ხელმძღვანელმა ნატა ლომოურმა განაცხადა, რომ კულტურის სამინისტროდან დაურეკეს და უთხრეს, რომ 5 დღეში დირექტორობის ვადა ეწურება. ლომოური ფეისბუქზე წერდა, რომ სამინისტროს წერილობით უკვე აცნობა, რომ ვადის გაგრძელებით იყო დაინტერესებული.


close დახურვა