პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების 42 ერთეულს მიიღებს. ეს განცხადება ზელენსკიმ ნიდერლანდებში ვიზიტისას გააკეთა.
უკრაინის პრეზიდენტმა ნიდერლანდების პრემიერს, მარკ რუტეს თვითმფრინავებისთვის მადლობა გადაუხადა და მათ ფონზე გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა.
"F16. შეთანხმება სრულდება. დღეიდან მეტი კონკრეტიკა გვაქვს. თვითმფრინავები უკრაინის ცაში იფრენენ. მადლობა ნიდერლანდებს! მადლობა მარკს!", - წერს ზელენსკი.
18 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ამერიკამ დანიასა და ნიდერლანდებს თანხმობა მისცა, უკრაინაში F-16 საბრძოლო თვითმფრინავები გაგზავნონ, როგორც კი პილოტები შესაბამის წვრთნებს დაასრულებენ.
19 აგვისტოს, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებზე უკრაინელი მფრინავების წვრთნები უკვე დაიწყო.