რუსული მედია, TASS იუწყება, რომ ტვერის ოლქში თვითმფრინავი ჩამოვარდა - Rosaviatsia-ზე დაყრდნობით მედია წერს, რომ მგზავრების სიაში კერძო სამხედრო დაჯგუფების ვაგნერის მეთაური, ევგენი პრიგოჟინიც იყო.
საერთაშორისო მედიები წერენ, რომ თვითმფრინავი პრიგოჟინს ეკუთვნოდა, თუმცა უცნობია, იმყოფებოდა თუ არა იმ მომენტში ის ბორტზე.
TASS-ის ცნობით, საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
BBC-ის ინფორმაციით, თვითმფრინავში 10 ადამიანი იმყოფებოდა - მედია წერს, რომ ყველა მათგანი დაღუპულია.
ევგენი პრიგოჟინსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის ღია კონფლიქტი რამდენიმე თვეა გრძელდებოდა, ხოლო 24 ივნისს პრიგოჟინი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყდა. 24 საათზე ნაკლებ დროში მისმა სამხედრო კოლონამ თითქმის მოსკოვამდე მიაღწია, თუმცა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დიალოგის შემდეგ, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აჯანყება შეწყვიტა.