logo
ENG



ონის მერი: მცდარია ინფორმაცია, რომ თითქოს რაღაც დიდი მასა იყო ჩამოშლილი

27 აგვ 202312:21
3 წუთის საკითხავი
 

ონის მერის, სერგი ხიდეშელის თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ონში, ხიდის მშენებლობისას მთა ჩამოიშალა, სიმართლეს არ შეესაბამება.

"საღამოს საათებში ჩამოიშალა მიწის გარკვეული მასა. ამ შემთხვევის შედეგად, მე როგორც ვიცი, არავინ არ არის დაშავებული. ადგილზე იყო სამაშველო სამსახური გამოძახებული და უსაფრთხოების ზომები იყო როგორც ვიცი, ასევე წინასწარ მიღებული. იმ სამუშაოს პროცესის მიმდინარეობა იყო მე როგორც ვიცი.

თითქოს რაღაც დიდი მასა იყო ჩამოშლილი, გავრცელდა ეს ინფორმაცია, რაც მცდარი არის. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საგზაო დეპარტამენტის დაკვეთით მიმდინარე სამუშაოები, ჩემი ინფორმაციით, ეს სამუშაოები კონტროლირებადი იყო. ყოველ შემთხვევაში, მე რაც მერი გახლავართ, აქ, ამ მონაკვეთზე გზა არ ჩამოშლილა", - ამბობს ონის მერი.

გუშინ ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზუდალში ხიდის მშენებლობისას მთა ჩამოიშალა. შემთხვევის დროს ადგილზე მშენებლობაზე დასაქმებული მოქალაქეები იმყოფებოდნენ, თუმცა არსებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ონის მუნიციპალიტეტში ხიდის მშენებლობისას მთის ჩამოშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ შემთხვევის გამო, არავინ დაშავებულა, "ვინაიდან მიმდინარე სამუშაოების გამო, უსაფრთხოების ზომები წინასწარ იყო მიღებული".

უწყებაში ამბობენ, რომ ჩამოშლილი მიწის მასა არ გასცდენია პარაპეტებით შემოსაზღვრულ ადგილს და საავტომობილო მოძრაობა არ შეფერხებულა".


close დახურვა