ქართული ოცნება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს.
ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ზურაბიშვილი მთავრობის უარის მიუხედავად მაინც გაემგზავრა ევროპაში, რითაც "უხეშად დაარღვია კონსტიტუცია".
კობახიძემ აღნიშნა ისიც, რომ ამ პროცედურის ბოლომდე მისაყვანად საჭიროა 100 პარლამენტარის, მათ შორის ოპოზიციის წევრების ხმებიც, რის გამოც იმპიჩმენტის სისრულეში მოყვანა შეუძლებელია, თუმცა, მანვე განმარტა, რომ ამის მიუხედავად პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება მაინც მიიღეს.
"საქართველოს კონსტიტუცია ამ დარღვევაზე ქმედების ერთადერთ მექანიზმს ითვალისწინებს - ეს არის იმპიჩმენტი. გუშინ და გუშინწინ ჩვენ აღვნიშნეთ, რომ კონსტიტუციის უხეში დარღვევის მიუხედავად, არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში იმპიჩმენტის სისრულეში მოყვანა შეუძლებელია. იმპიჩმენტის ბოლომდე მიყვანას ესაჭიროება 100 პარლამენტარის ხმა და შესაბამისად, რადიკალური ოპოზიციის ხმების გარეშე მას აღსრულების პერსპექტივა არ აქვს. თუმცა, ამის მიუხედავად პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, საქართველოს პრეზიდენტის მიმართ აღიძრას იმპიჩმენტის პროცედურა. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საქართველოს კონსტიტუციის წინაშე. ნებისმიერი თვალის დახუჭვა საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაზე ძირს უთხრის სამართლებრივ სახელმწიფოს, სამართლის უზენაესობას და დემოკრატიულ კონსტიტუციურ სისტემას.
გარდა ამისა, იმპიჩმენტის პროცედურა კიდევ ერთხელ გააშიშვლებს რადიკალური ოპოზიციისა და სალომე ზურაბიშვილის საერთო დღის წესრიგს, რომელიც სახელმწიფო ინტერესების, მათ შორის კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგაა მიმართული. პროცედურის აღსაძრავად უახლოეს დღეებში შეგროვდება საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა ხელმოწერები და საკონსტიტუციო სასამართლოში შევა შესაბამისი კონსტიტუციური წარდგენები"- თქვა კობახიძემ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ზურაბიშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს მართავს. 31 აგვისტოს ის ბერლინში გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.
30 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტის პარალელურად განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას ყველა მოთხოვნილ ვიზიტზე უარი უთხრეს, მათ შორის, უკრაინაში.