logo
ENG



ხაბეიშვილი ჩოხატაურზე: ქალებიც არ დაინდეს, მოვუწოდებ დიპლომატებს, დაინტერესდნენ ამ საკითხით

03 სექ 202314:21
3 წუთის საკითხავი
 

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ჩოხატაურში პარტიის წევრებზე თავდასხმას ეხმაურება და დიპლომატებს მოუწოდებს, ამ საკითხით დაინტერესდნენ.

დღეს გამართულ ბრიფინგზე მან თქვა, რომ ქართული ოცნების მიგზავნილი მოქალაქეები იქ მყოფ ყველა ადამიანს, მათ შორის ქალებსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ხაბეიშვილის თქმითვე, დღეს თავად აპირებს ჩოხატაურში ჩასვლას და საინფორმაციო ფლაერების დარიგებას, რისი საშუალებაც ოცნების მხარდამჭერებმა ენმ-ის წევრებს არ მისცეს. 

"ნოდარ დუმბაძის სკვერის გადარჩენაზე გვახვედრებენ ტიტუშკებს და ნასედკებს და ისინი ქალებსაც კი არ ინდობენ, ფიზიკურად უსწორდებიან პოლიციის თანდასწრებით და პოლიციას ამაზე რეაგირება არ აქვს.

არავის ხმა არ ამოუღია თხილის მიზერულ ფასზე, რომ ორ ლარად აბარებენ გურიაში და აჭარაში თხილს, მაღაზიაში ერთი კილო თხილი 90 ლარი ღირს, მაგრამ გლეხს ეუბნებიან, შენ ორ ლარად ჩააბარეო. არავის გახსენებია დღეს ხელისუფლებიდან კახეთში დაზარალებულები, დასეტყვილები. ამაზე არ ზრუნავენ, მაგრამ ზრუნავენ იმაზე, რომ ნასედკები ფიზიკურად გაუსწორდნენ ყველას ვინც მოქალაქეებისთვის, ადამიანებისთვის ჩვენი ღირსების დასაცავად იბრძვიან.

სწორედ ამიტომ, მე არ ვთხოვ რუსულ პარტიას არაფერს, ამათი მხრიდან არაფერი იქნება. მოვუწოდებ დიპლომატებს, დაინტერესდნენ ამ საკითხით და ასევე, ცხადია, მე ვაპირებ ჩავიდე ჩოხატაურში და დავარიგო ეს მასალა, რომელიც დასარიგებელია"- თქვა ხაბეიშვილმა. 

3 სექტემბერს ჩოხატაურში ნაციონალური მოძრაობის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ორგანიზაციის წევრები ნოდარ დუმბაძის სკვერის გაყიდვას აპროტესტებდნენ და საინფორმაციო ფლაერებს არიგებდნენ.

პარტიაში ამბობენ, რომ თქმით ეს იყო ორგანიზებული თავდასხმა და მასში მაჟორიტარი დეპუტატის ვასილ ჩიგოგიძის ახლო გარემოცვა მონაწილეობდა.

ჩოხატაურში ხელისუფლების გადაწყვეტილებით ნოდარ დუმბაძის სახელობის სკვერი იყიდება, სადაც სამომავლოდ მშენებლობა იგეგმება.


close დახურვა