საქართველოს პარლამენტში სადემონსტრაციოდ განკუთვნილი ნივთების (ბანერის, პოსტერისა და სხვა), ასევე ხმის გამაძლიერებელი და ხმოვანი სიგნალის მოწყობილობების შეტანა პარლამენტის აპარატის ნებართვის გარეშე იკრძალება.
შესაბამისი ბრძანება პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გამოსცა და ის 18 სექტემბრიდან ამოქმედდება.
ვიზიტორს ასევე ეკრძალება საქართველოს პარლამენტის სასახლეში ტრანსპარანტის გამოფენა და საინფორმაციო მასალის დარიგება, აგრეთვე სადემონსტრაციოდ განკუთვნილი მასალის (პლაკატის, ბანერის, წარწერისა და სხვა) გაკვრა ან სხვაგვარად განთავსება.
ახალი ბრძანების მიხედვით, ცვლილებები ეხება პარლამენტში შესასვლელ საშვებსა და შესვლის პირობებსაც. 18 სექტემბრიდან, საშვის დაშვების დროს მიზნობრიობის მითითება სავალდებულო გახდება.
ამასთან, ბრძანებაში ვკითხულობთ, რომ "ვიზიტორის ჩაცმულობა საქართველოს პარლამენტის სასახლეში არსებულ სამუშაო გარემოს უნდა შეესაბამებოდეს".
ვიზიტორის მიერ ამ წესის დარღვევის შემთხვევაში, მას საკანონმდებლო ორგანოში შესვლა 1 წლამდე ვადით შეეზღუდება.