მარტყოფის პანსიონატში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბენეფიციარების მიერ ფორმულასთან გაკეთებული კომენტარების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობისა და თაღლითობის მუხლით დაიწყო.
ამასთანავე სახალხო დამცველი აცხადებს, რომ ომბუდსმენმა გასულ წლებშიც არაერთხელ მიმართა შესაბამის უწყებებს აღნიშნულის შესახებ. მათი თქმით, დაიწყო გამოძიება, მაგრამ ამ დრომდე არაფერი იცვლებოდა.
***
მარტყოფისა და დუშეთის პანსიონატის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბენეფიციარები მათ მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე საუბრობენ.
ფორმულასთან საუბრისას ისინი აღნიშნავენ, რომ პანსიონატებში არასათანადო კვებაა, ჰიგიენა დაცული არ არის. ასევე, არის პენსიის გამოძალვისა და ფსიქიატრიულში გადაყვანის მუქარის შემთხვევებიც.
დუშეთის ბენეფიციარმა ფორმულასთან საუბრისას აღნიშნა, რომ მას დაწესებულების დირექტორმა გიორგი მარტყოფიშვილმა წლების ნაგროვები პენსია და განვადებით შეძენილი მობილური ტელეფონი გამოართვა. ზარალი დაახლოებით 2 000 ლარს შეადგენს.
განმარტებები არ გააკეთა მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონდე პირთა დაწესებულების დირექტორმა ვახტანგ ტეფნაძემ და ფორმულას გადამღები ჯგუფი ჯანდაცვის სამინისტროში გადაამისამართა.
ბენეფიციარებმა დახმარების თხოვნით არასამთავრობო ორგანიზაცია ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების წესს მიმართეს. მესამე სექტორში აცხადებენ, რომ დარღვევები შესაბამისმა სამსახურებმა უნდა გამოიკვლიონ.
ბენეფიციარების წინააღმდეგ მიმდინარე პროცესებს ტრეფიკინგის სააგენტო კურირებს. სააგენტოს წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ მომხდარზე ინფორმირებული არ არიან და ბენეფიციართა მიმართ გავრცელებულ ინფორმაციას დეტალურად შეისწავლიან.