logo
ENG



ქართული ოცნება ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესს კიდევ ერთხელ ცვლის

06 სექ 202316:36
3 წუთის საკითხავი
 
ქართული ოცნება ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესს კიდევ ერთხელ ცვლის

ქართული ოცნება კვლავ გეგმავს, რომ ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესი შეცვალოს. ამის შესახებ პარტიის დეპუტატმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე ისაუბრა და თქვა, რომ მმართველი გუნდი ახალ ინიციატივას დაჩქარებული წესით განიხილავს.

კერძოდ, მიქანაძე ამბობს, რომ 76 ხმის ნაცვლად, რომლითაც დღეს აირჩევა 5 წლის ვადით ცესკოს თავმჯდომარე და წევრები, ეს კვორუმი იზრდება და იქნება 3/5, ანუ 90 ხმაზე ორიენტირებული.

"იმ შემთხვევაში, თუკი 90 ხმის დაგროვება ვერ იქნება უზრუნველყოფილი, ამ შემთხვევაში, კრიზისული სიტუაციიდან გამოსავალი არის 76 ხმა და ორჯერ იქნება შესაძლებელი 76 ხმით კონკრეტული მხარდაჭერის მიღება შესაბამისი კანდიდატებისთვის.

თუკი 76 ხმაც ვერ იქნა ორგანიზებული და მხარდაჭერა ვერ იქნა მოპოვებული, ამ შემთხვევაში, წარმოდგენილი კანონპროექტის საფუძველზე, ეს საკითხი შემდგომი გადაწყვეტილების მისაღებად გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს, რომელსაც გადაეცემა კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატის სია და საქართველოს პრეზიდენტი, ერთპიროვნულად გადაწყვეტს, თუ რომელი კანდიდატი წარმოდგენილი სიიდან დანიშნოს ცესკოს თავმჯდომარედ თუ ცესკოს წევრის ვაკანტურ პოზიციაზე", - განაცხადა მან.

მისი მტკიცებით, მმართველ გუნდს სურს, რომ უახლოესი თვეების განმავლობაში, ევროკომისიის დასკვნის წინ "არცერთი კითხვის ნიშანი არ არსებობდეს".

მიქანაძე ამ ცვლილებების მოტივად ზაფხულში გამოქვეყნებულ შუალედურ შეფასებას ასახელებს და აღნიშნავს, რომ ევროკომისარმა "გარკვეული წინადადებები და მოსაზრებები გამოთქვა დამატებით საარჩევნო კანონმდებლობაში გატარებულ ცვლილებებთან დაკავშირებით".

მანამდე მმართველმა პარტიამ წარადგინა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა საქართველოს პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს - თუმცა მიქანაძის ინფორმაციით, ეს ცვლილება ისევ ძალაში რჩება.

ამასთან, ცვლილებები გულისხმობდა ცესკოს წევრების არჩევის წესსაც - კანონპროექტის თანახმად, ცესკოს 7 წევრს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევდა საქართველოს პარლამენტი, ხოლო ცესკოს არაუმეტეს 9 წევრს დანიშნავდნენ პარტიები ამ კანონით დადგენილი წესით.


close დახურვა