პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უარყოფს, რომ OC Media-ს დონორებთან კომუნიკაციით, მან "ზეწოლა ან მედიის დასჯა" სცადა - ის ადასტურებს მათთან კომუნიკაციას, თუმცა ამას "დონორების ინფორმირებას" უწოდებს.
ის აქვეყნებს წერილს, რომელიც მისი თქმით, OC Media-ს რედაქტორს მათი "ბრალდების" საპასუხოდ მისწერა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, შეთანხმდნენ, რომ OC Media წერილს სრულად და ცალკე გამოაქვეყნებდა ვებგვერდზე, თუმცა რამდენიმე საათში მისი პასუხი მათ შორის არსებული კონფლიქტის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას "დაურთეს".
"12 სექტემბერს თქვენ მიერ გამოქვეყნებულ სარედაქციო სტატიაში ბრალი დამდეთ "OP-ED-ის გამოქვეყნებაზე უარის თქმის გამო გამოცემაზე აშკარა ზეწოლასა თუ დასჯაში". ეს სიმართლესთან ახლოსაც კი არ დგას და მინდა განვმარტო, თქვენივე დეკლარირებული პრინციპებისა და ღირებულებების მიხედვით, რატომ არის თქვენი განცხადებები პრობლემატური", - წერია პაპუაშვილის წერილში.
ის წერს, რომ მედიის თავისუფლება საქართველოსა და ქართული ოცნებისთვის "ძვირფასი ღირებულებაა" და ბოლო წლების განმავლობაში ქართულმა ოცნებამ ქვეყანაში არსებულ მედიასაშუალებებს "უპრეცედენტო თავისუფლება და პლურალიზმი" მოუტანა. მისი თქმით, სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც OC Media თბილისშია განთავსებული და ამ ქვეყანაში არსებული "მედია თავისუფლების ყველა უპირატესობით სარგებლობს".
"იმის მიუხედავად, რომ თქვენი ონლაინ პლატფორმა ძალიან მცირე ადგილს იკავებს ქართულ მედიაში და საზოგადოებისთვის, ფაქტობრივად, უცნობია, გადავწყვიტე თქვენც ჩამერთეთ, მიუხედავად იმისა, რომ თქვენი უხეში და თითქმის ავტომატური კრიტიკული რეაქცია საქართველოს მთავრობის რომელიმე გადაწყვეტილებაზე დიდი ხანია აშკარაა ყველასთვის, ვინც თქვენს პუბლიკაციებს კითხულობს, ვფიქრობდი, რომ კეთილი ნების ეს ჟესტი კარგი ნაბიჯი იქნებოდა თანამშრომლობისთვის", - აცხადებს პაპუაშვილი.
პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ OP-ED-ზე უარმა დაადასტურა OC Media-ს "აუტანლობა ალტერნატიული აზრის მიმართ". მისივე თქმით, მედიამ საკუთარ თავზე აიღო ვალდებულება, განესაჯა, რა წარმოადგენდა სიმართლესა და რეალობას, რაც "ძალიან შორს არის იმისგან, რასაც პროფესიონალური ჟურნალისტიკა ჰქვია".
"უფრო მეტიც, თქვენ არასწორი ინტერპრეტაცია მიანიჭეთ თქვენს დონორებთან ჩემს კომუნიკაციას - ეს იყო არა "გავლენა ან დასჯა.. მოსაზრების გამოქვეყნებაზე უარის გამო", არამედ დონორების ინფორმირება თქვენი საეჭვო ჟურნალისტური მიდგომის შესახებ. რეალურად, წერილში ვკითხულობთ:
"მაშინ, როცა ჩვენ პატივს ვცემთ OC Media-ს ჟურნალისტურ დამოუკიდებლობას, მიგვაჩნია, რომ პუბლიკაციის შეთავაზებაზე უარი - რაზეც დამაჯერებელი ახსნა არ მოუწოდებიათ - არის გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია გამჭვირვალობის, პლურალიზმის და მრავალფეროვნების პრინციპების საწინააღმდეგოდ. მაშინ, როცა მთავრობის მიერ მედიის თავისუფლება ფართოდ არის გარანტირებული და პატივცემული, იმედგამაცრუებელია, რომ მედიასაშუალება, რომელიც საქართველოს დასავლელი პარტნიორების მიერ დემოკრატიული და ლიბერალური ღირებულებების ხელშეწყობისთვის არის დაფინანსებული, უარს ამბობს ოპედზე, რომელსაც არ ეთანხმებიან", - აცხადებს პაპუაშვილი.
ამასთან, პაპუაშვილი OC Media-ს ბრალს დებს, რომ სტატიაში ისინი "რადიკალური ოპოზიციური პარტიების მესიჯბოქსს" იმეორებენ და "მთავრობის წინააღმდეგ არსებული დაუსაბუთებელ ბრალდებებზე" საუბრობენ - მისი თქმით, ამის მიუხედავად, მედია ცდილობს, რომ "მიუკერძოებლის სახელით პოზიციონირდეს". ის ამას "უნივერსალურ და სამწუხარო ტენდენციას" უწოდებს.
***
OC Media წერს, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს მოსაზრების, OP-ED-ის გამოქვეყნებაზე უარი უთხრა, რის შემდეგაც, შალვა პაპუაშვილმა გამოცემის დონორებს საკუთარი პრეტენზიები წარუდგინა და ამ გზით სცადა, გამოცემაზე გავლენის მოხდენა ან მისი დასჯა.
OC Media წერს, რომ მინიმუმ ერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, რომელიც მათ აფინანსებს, დაადასტურა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფისმა, უარის თქმის შემდეგ, მათ წერილობით მიმართა.
OC Media-ს მიხედვით, დონორისთვის მიწერილ წერილში, რომელიც მათ თავად ნახეს, პარლამენტის თავმჯდომარის ოფისმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობასა და დონორს შორის თანამშრომლობა "საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფებების საერთო აღქმას ეყრდნობა".