ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. სახ.დეპში აღნიშნავენ, რომ FSB იყენებდა ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად რუსეთის სასარგებლოდ.
სანქციების დაწესება ოთარ ფარცხალაძის ბიზნესსაქმიანობას უკავშირდება. სანქციების პაკეტის ოფიციალურად გამოცხადებამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სანქცირებულთა შორის იყო "ქართველი-რუსი ოლიგარქი".
"რუსეთის საზიანო გავლენა საქართველოში" - სწორედ ამ ქვეთავში არის განხილული ოთარ ფარცხალაძის სანქცირება.
"ოთარ ანზორის ძე ფარცხალაძე შეტანილია სიაში რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის მენეჯმენტის საკონსულტაციო სექტორში საქმიანობის გამო", - აღნიშნულია დეპარტამენტის განცხადებაში.
სანქციების ქვეშ მოყვა ალექსანდრ ონიშენკო, რომელიც რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის (FSB) ოფიცერია. როგორც დეპარტამენტი აღნიშნავს, ონიშენკო, სავარაუდოდ, ფარცხალაძეს რუსული პასპორტისა და მოქალაქეობის მიღებაში დაეხმარა:
"ფარცხალაძემ სრულად მიიღო რუსული იდენტობა და რეგულარულად მიემგზავრება რუსეთში", - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ FSB, სწორედ ონიშენკოსთან ერთად იყენებდა ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად რუსეთის სასარგებლოდ.
"გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა FSB-თან კავშირებით", - ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, სანქციები დაადეს ორ რუსულ საკონსულტაციო კომპანიას, რომელთა 50%-ს ოთარ ფარცხალაძე ფლობს: LLC MOSCOW BUSINESS BROKERAGE LLC INTERNATIONAL BUSINESS CORPORATION
ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობას 2013 წლის 7 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე იკავებდა.
თანამდებობის დატოვების შემდეგ, ის არაერთხელ დაადანაშაულეს თავდასხმასა და ძალადობაში, ასევე ფულის გამოძალვაში.
ოთარ ფარცხალაძე თავდასხმაში ყოფილმა მთავარმა აუდიტორმა, ლაშა თორდიამ დაადანაშაულა. აუდიტორმა თავდასხმა ყოფილი მთავარი პროკურორის შესახებ მასალების მოგროვებას დაუკავშირა. ქართულმა სასამართლომ ლაშა თორდიას ცემის საქმეში ოთარ ფარცხალაძე გაამართლა.
გარდა ამისა, 2018 წელს რუსთავი 2-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოთარ ფარცხალაძე სპორტის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი გაიტაცა და სარდაფში ემუქრებოდა.