logo
ENG



"სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა", ანუ სუს-ის დაუსრულებელი საქმეების არქივი
18 სექ 202316:18
1481

აშშ-ის მიერ ოთარ ფარცხალაძის სანქცირების პარალელურად, რომლისთვისაც ქართული ოცნება "მეტ კონკრეტიკას" ითხოვს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური "ხელისუფლების დამხობის" ახალ გეგმაზე საუბრობს - მმართველი პარტიის ხელწერად ქცეული საქმეების ქრონიკას, სუს-მა დღეს კიდევ ერთი დაუმატა, თუმცა ამჯერად, "დესტაბილიზაციისა და არეულობის" გეგმის ავტორობა უკრაინაში მოღვაწე ქართველებს მიაწერა.

სუს-მა ახალი "გადატრიალების" სავარაუდო თარიღად ოქტომბერ-დეკემბერი დაასახელა, რადგან ამ პერიოდში ევროკომისიის შუალედური და ევროკავშირის საბოლოო დასკვნა უნდა გამოქვეყნდეს. მათი თქმით, "სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად მომზადების შეთქმულთა მოლოდინი" გათვლილია იმ გარემოებაზე, რომ გამოქვეყნებული დასკვნა უარყოფითი იქნება.

"შეთქმულება", "გადატრიალების მცდელობა", "სახელმწიფოს დამხობა" - ეს ფრაზები, ბოლო წლების განმავლობაში, სუს-ის მიერ აღძრული არაერთი საქმის დეტალებიდან გვახსოვს, მათ შორის ერთ-ერთი პირველი იყო 2014 წელი, როცა მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, სუს-ის დღევანდელი განცხადების მსგავსად, "ევრომაიდნის სცენარზე" ისაუბრა.

2014 წელი - "ევრომაიდნის სცენარი" და საბურავები

2014 წელს ალექსანდრე ჭიკაიძემ ნაციონალური მოძრაობა, კერძოდ, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "დესტაბილიზაციის" მცდელობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ამ მიზნით, პარტიამ საბურავების მომარაგება დაიწყო. მოგვიანებით, მან თავის ბრალდებებზე გაზეთ ალიასაც მისცა ინტერვიუ და თქვა, რომ სააკაშვილის გეგმის თანახმად, ენმ აპირებდა 500-კაციანი მობილური ჯგუფის შექმნას - ჭიკაიძის განცხადებით, მათ უნდა ემოქმედათ პროვოკაციულად, მათ შორის პოლიციის თვალწინ.

"მათ უნდა იმოქმედონ პროვოკაციულად, მათ შორის პოლიციის თვალწინ, ეცადონ მოახდინონ პოლიციის პროვოცირება, შექმნან ფორსმაჟორული სიტუაციები, აგრესიული საპროტესტო აქციები სხვადასხვა თემის მანიპულირებით, როგორიცაა კრიმინოგენური ვითარება, სოციალური და ეკონომიკური საკითხები, რუსეთთან ურთიერთობა, დევნილთა პრობლემები… სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებზე მოახდინონ გაფიცვების პროვოცირება, მათი მიზანია შექმნან ნეგატიური ფონი", - აცხადებდა ის.

2015 წელი - "სახელმწიფო გადატრიალების მიზნით შეთქმულების საქმე"

გადატრიალების შესახებ ბრალდებების სერია გაგრძელდა მომდევნო წელსაც, როცა სუს-მა საქმე აღძრა სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად და ხელში ჩასაგდებად შეთქმულების მუხლით.

უწყებამ მაშინ თქვა, რომ გამოძიება მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო - 2015 წელს უკრაინულ საიტზე uarevo.in.ua-ზე გამოქვეყნდა ფარული სატელეფონო ჩანაწერები, სადაც, სავარაუდოდ, ფიგურირებდნენ მიხეილ სააკაშვილი და გიგა ბოკერია, ასევე, მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია. მოგვიანებით სუს-მა ბოკერია და გვარამია გამოკითხვაზე დაიბარა.

2016 წელი - "სახელმწიფო გადატრიალების გეგმა!"

2016 წელს, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ერთ-ერთ Youtube არხზე გავრცელდა ფარული აუდიოჩანაწერი, სახელწოდებით, "სახელმწიფო გადატრიალების გეგმა".

აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაბარებულები იყვნენ ენმ-ის წევრები, აკაკი მინაშვილი, ნუგზარ წიკლაური, ირმა ნადირაშვილი, გიგი წერეთელი, პეტრე ცისკარიშვილი, აკაკი ბობოხიძე.

საქმეზე გამოძიება დაწყებული იყო სისხლის სამართლის 315-ე მუხლით, რაც შეთქმულებით სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩაგდებას გულისხმობს. ჩანაწერების ავთენტიკურობა ენმ-ის წევრებმა უარყვეს.

2019 წელი - ამბოხების მცდელობის საქმე 20 ივნისს

ხელისუფლებამ 20 ივნისის მოვლენებსაც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით ამბოხების კვალიფიკაცია მიანიჭა. პროკურატურა მაშინ გამართულ ბრიფინგზე ამტკიცებდა, რომ ხელისუფლებამ ქვეყანა "გადატრიალებისგან" იხსნა - უწყებამ ისაუბრა გეგმაზე, რომლის პირველი ეტაპი, მათი მტკიცებით, პარლამენტის იერიშით აღებას გულისხმობდა, რასაც შემდეგ ქვეყნის მასშტაბით "დანაშაულებრივი ქმედებები" უნდა მოჰყოლოდა.

გამოძიების ფარგლებში, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის საქმეზე დაკავებული იყო ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს საქართველოს ხელისუფლებამ მშვიდობიანი დემონსტრანტები წყლის ჭავლის, რეზინის ტყვიების და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა.

აქციის მონაწილეები რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტს და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან სხდომის რუსულ ენაზე წაყვანის მცდელობას აპროტესტებდნენ.

2020 წელი - კობახიძის განცხადება

2020 წელს, არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა განცხადება, სადაც მან კიდევ ერთხელ ისაუბრა ოპოზიციის "პროვოკაციულ გეგმებზე" და ნაციონალური მოძრაობის მიერ "ხელკეტებითა და ელექტროშოკებით" ეკიპაჟების მობილიზებაში დაადანაშაულა. საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში მოკვლევა დაიწყეს.

მოგვიანებით, კობახიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს - მედიაში კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ კობახიძის განცხადების შემდეგ, სახელმწიფო გადატრიალების ახალი საქმის ფარგლებში, გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ მოქალაქეები და პოლიტიკოსები.

2021 წელი - "დესტრუქციული ქმედებები" და სააკაშვილის ჯანმრთელობა

მორიგი შეთქმულების საქმეზე სუს-მა გამოძიება 2021 წელსაც დაიწყო. ამჯერად, საქმე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას დაუკავშირეს.

სუს-ში განაცხადეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მისი ჯანმრთელობა გაუარესდებოდა, საქმის ფიგურანტები "გარკვეულ დესტრუქციულ ქმედებებს" გეგმავდნენ - მათ შორის, გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისი გადაყვანისთვის ხელის შეშლას, საავტომობილო გზების სხვადასხვა საშუალებით ბლოკირებას.

სუს-ის მტკიცებით, ამ გეგმის მონაწილეებს განზრახული ჰქონდათ "უკონტროლო სიტუაცია და ქაოსის" გამოწვევა, რათა ხელი შეეშალათ სააკაშვილის ეტაპირების პროცესისთვის.

სუს-მა სააკაშვილი "გადატრიალების" მცდელობაში დაადანაშაულა 2021 წლის 6 ნოემბერსაც. უწყებამ განაცხადა, რომ აქციის ორგანიზატორები გეგმავდნენ სახელმწიფო დაწესებულებების, კერძოდ - პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, იუსტიციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობების ბლოკირებას და პენიტენციურ დაწესებულებებთან მისასვლელი გზების გადაკეტვას, ამ დაწესებულებების ყოველდღიური სამუშაო რეჟიმის ხელშეშლის მიზნით.

თუმცა დაწყებული და არდასრულებული გამოძიებები მხოლოდ აღძრული საქმეებით არ შემოიფარგლება. 2021 წლის ნოემბერში სუს-მა განცხადება გაავრცელა სოციალურ ქსელში დაწერილი საჯარო განცხადებების გამო და თქვა, რომ "სხვადასხვა პირების მხრიდან ვრცელდება დანაშაულის ნიშნების შემცველი შინაარსის საჯარო განცხადებები და მოქალაქეები განზრახ თუ გაუცნობიერებლად პირდაპირ მოუწოდებენ თანამოაზრეებს რევოლუციისა და ხელისუფლების დამხობისკენ, მათ შორის ძალადობრივი გზებით".

close დახურვა