logo
ENG



"საჭიროა მეტი კონკრეტიკა" - კალაძე კითხვაზე, რატომ არ იწყება გამოძიება ფარცხალაძეზე

18 სექ 202311:13
3 წუთის საკითხავი
 
"საჭიროა მეტი კონკრეტიკა" - კალაძე კითხვაზე, რატომ არ იწყება გამოძიება ფარცხალაძეზე

"საჭიროა მეტი ინფორმაციის გასაჯაროება, მეტი კონკრეტიკის წარმოდგენა", - ასე პასუხობს ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე კითხვას, რატომ არ იწყება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძის მიმართ გამოძიება.

კალაძის თქმით, როდესაც "სტრატეგიული პარტნიორი ასეთ გადაწყვეტილებას იღებს, საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს, თუ რა არის მიზეზი და მეტი კონკრეტიკა უნდა იყოს გაჟღერებული".

"პირველ რიგში, ალბათ საჭიროა მეტი ინფორმაციის გასაჯაროება, მეტი კონკრეტიკის წარმოდგენა. ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა იმსახურებს ამას, რომ საქართველოს მოქალაქეზე, რომელზეც ამბობენ, რომ სანქცირებულია, ვფიქრობ, მეტი ინფორმაცია უნდა იყოს მათი მხრიდან წარმოდგენილი და როდესაც ვსაუბრობთ, რომ შესწავლა დაიწყო, ალბათ შესაბამისი უწყება მიმართავს თავის კოლეგებს, რომ მეტი ინფორმაცია იყოს წარმოდგენილი აღნიშნულთან დაკავშირებით. [...]

ალბათ, მეტი ინფორმაციის გაჟღერებაა საჭირო. გახსოვთ, მოსამართლეების შემთხვევაში, როდესაც ვიზების შეზღუდვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება იქნა მიღებული, თუმცა ახსნა-განმარტებაში ვერავინ გაიგო, რატომ იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული, რას უკავშირდებოდა. ვფიქრობ, სულ მცირე, როდესაც სტრატეგიულ პარტნიორზეა საუბარი და ასეთი გადაწყვეტილებების მიღება ხდება, ჩვენთვის და საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს რა არის მიზეზები და მეტი კონკრეტიკა უნდა იყოს გაჟღერებული", - აცხადებს კალაძე.

14 სექტემბერს აშშ-მა ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ რუსეთს უსაფრთხოების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ გავლენის მოსახდენად იყენებდა. 

ოთარ ფარცხალაძე საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობას 2013 წლის 7 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე იკავებდა. 

ფარცხალაძისთვის სანქციები დაწესებულია უკრაინაში ომის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფარგლებში. სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში ფარცხალაძე "ქართველ-რუს ოლიგარქად" არის მოხსენიებული და წერია, რომ რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში საქმიანობს.

სანქციების ქვეშ მოყვა ალექსანდრ ონიშენკო, რომელიც რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის (FSB) ოფიცერია, რომელიც, სავარაუდოდ, ფარცხალაძეს რუსული პასპორტისა და მოქალაქეობის მიღებაში დაეხმარა.

 


close დახურვა