logo
ENG



ლიბერთი, პროკრედიტი, ტერა და ბაზის ბანკი აცხადებენ, რომ საერთაშორისო სანქციებს დაიცავენ

20 სექ 202314:09
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/20/iru9luqnr1f3p48.jpg

საქართველოს ბანკისა და თიბისი ბანკის შემდეგ ლიბერთი, პროკრედიტი, ტერა და ბაზის ბანკი აცხადებენ, რომ საერთაშორისო სანქციებს დაიცავენ.

"ჩვენ, როგორც ევროპული ბანკი და საერთაშორისო საბანკო ჯგუფის წევრი, განსაკუთრებული სიფრთხილით ვუდგებით მსგავს საკითხებს და მუდმივად შესაბამისობაში ვართ იმ მოთხოვნებთან, რაც საერთაშორისო სანქციებით რეგულირდება", - უთხრეს პროკრედიტ ბანკში ბიზნესფორმულას.

"სს ლიბერთი ბანკი სრულ შესაბამისობაში არის და იქნება საქართველოს საფინანსო სექტორისთვის მნიშვნელოვანი ქვეყნებისა და მოკავშირეების მიერ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებთან, რომელიც, მათ შორის, მოიცავს ამერიკის შეერთებული შტატების უცხოური აქტივების კონტროლის სამმართველოს (OFAC) მიერ დაწესებულ სანქცირებულ პირთა სიას. 

სს ლიბერთი ბანკი ექვემდებარება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულ რეგულაციებს და საქართველოს კანონმდებლობას და ამავდროულად სს ლიბერთი ბანკს გააჩნია რისკების მართვის შიდა პოლიტიკა და რეგულაციები, რომელიც ითვალისწინებს ბანკის საერთაშორისო ფინანსურ პარტნიორებთან შეთანხმებულ ვალდებულებებსა და უფლებებს, რაც თავის მხრივ ზღუდავს მაღალრისკიანი კლიენტების მომსახურებას", - ნათქვამია ლიბერთი ბანკის განცხადებაში. 

"ტერაბანკი საქმიანობას საერთაშორისო სანქციებთან დაკავშირებული მოთხოვნების შესაბამისად გააგრძელებს", - უთხრეს ბანკში ბიემჯის.

"ბაზისბანკი წლებია მჭიდროდ თანამშრომლობს ათეულობით საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტთან, რაც სხვა მოთხოვნებთან ერთად გულისხმობს აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებთან შესაბამისობაში ყოფნას. ბაზისბანკი იყო და იქნება საქართველოს კანონმდებლობასა და  ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაში", - უთხრეს ბანკში ბიემჯის.

14 სექტემბერს აშშ-მა ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში სანქციები დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ რუსეთს უსაფრთხოების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ გავლენის მოსახდენად იყენებდა. 

18 სექტემბერს, სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს მის საკუთრებაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდა - სებ-ის განცხადების თანახმად, ფარცხალაძეს საერთაშორისო ფინანსური სანქციების აღსრულების მექანიზმის გათვალისწინებით, ეზღუდება როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობა.

19 სექტემბერს ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანაცვლილების მიხედვით, სანქციები აღსრულდება საქართველოს მოქალაქეზე, თუ მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით საქართველოს სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.

ამ ცვლილებას წინ უძღოდა ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელმაც "კონსტიტუციის დარღვევად" შეაფასა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება.


close დახურვა