საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა უნდა გადადგეს და მის მიერ მიღებული ერთპიროვნული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს.
გარდა ამისა, პრეზიდენტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ნათია თურნავამ "უვადოდ გადადო შეხვედრა სალომე ზურაბიშვილთან". ზურაბიშვილმა ნათია თურნავას თანამდებობაზე წარდგენისთვის ბოდიში მოიხადა.
"პირადად ჩემ მიერ წარდგენილი კანდიდატია ქალბატონი ნათია თურნავა და მე უნდა ვთქვა, რომ ძალიან ვნანობ ჩემს გადაწყვეტილებას და თუნდაც, ბოდიშს ვიხდი ამისთვის. მას რომ არ გადაედო უვადოდ ჩვენი შეხვედრა, რომელიც უნდა შემდგარიყო, პირადად მოვახსენებდი ჩემს მოსაზრებებს, თუ რა უნდა იყოს შემდგომი ნაბიჯები და პირველ რიგში, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, რომელმაც ვერ დაიცვა ეროვნული ბანკის მოვალეობა და პირიქით, ამ პრინციპს თავად ზიანი მიაყენა, უნდა გადადგეს.
დროა, ასევე რომ საბჭომ აიღოს პასუხისმგებლობა და განახორციელოს საკუთარი ზედამხედველობის ფუნქცია. საბჭოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია და აუცილებელია, რომ ბათილად გამოცხადდეს ერთპიროვნული გადაწყვეტილება", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
***
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად, ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, ნათია თურნავას კანდიდატურა 2022 წლის 24 მაისს წარუდგინა.
***
14 სექტემბერს აშშ-მა ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში სანქციები დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ რუსეთს უსაფრთხოების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ გავლენის მოსახდენად იყენებდა.
18 სექტემბერს, სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს მის საკუთრებაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდა - სებ-ის განცხადების თანახმად, ფარცხალაძეს საერთაშორისო ფინანსური სანქციების აღსრულების მექანიზმის გათვალისწინებით, ეზღუდება როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობა.
19 სექტემბერს ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა. ცვლილების მიხედვით, სანქციები აღსრულდება საქართველოს მოქალაქეზე, თუ მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით საქართველოს სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.
ამ ცვლილებას წინ უძღოდა ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელმაც "კონსტიტუციის დარღვევად" შეაფასა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება.