logo
ENG



სახდეპი: ვინც ფარცხალაძესთან ახორციელებს ტრანზაქციებს, თავს სანქციების რისკის ქვეშ აყენებს

20 სექ 202322:06
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/20/daa0dpr3cwkdf9z.jpg

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების შესახებ წუხილს გამოხატავს და შესაძლო სანქციების რისკებზე საუბრობს. მათი განცხადებით, ვინც ოთარ ფარცხალაძესთან ტრანზაქციებს ახორციელებს, თავს სანქციების რისკის ქვეშ აყენებს.

ამის შესახებ სახდეპის მაღალჩინოსანმა ფორმულას ვაშინგტონის ბიუროს წერილობით უპასუხა.

"14 სექტემბერს შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა ქართველ-რუს ოლიგარქ ოთარ ფარცხალაძეს, რომელიც მუშაობდა FSB-სთან, რათა გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ. მის წინააღმდეგ სანქციები ამოქმედდა ნომერ-14024 აღმასრულებელი ბრძანების შესაბამისად, რომელიც აწესებს სანქციებს რუსეთის ფედერაციის მთავრობის მიერ, სპეციფიკურ, დამაზიანებელ საქმიანობასთან დაკავშირებით.

ვწუხვართ საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაზე. ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც ახორციელებენ ტრანზაქციებს ფარცხალაძესთან ან ჩვენს მიერ რუსეთთან დაკავშირებული სანქციების ფარგლებში დასანქცირებულ სხვა პირებთან, საკუთარ თავს სანქციების რისკის ქვეშ აყენებენ.

საქართველოს საბანკო სისტემა იყო ერთ-ერთი საუკეთესო მიღწევა საქართველოს დემოკრატიულ ისტორიაში. დამოუკიდებელი ეროვნული ბანკი ნებისმიერი ქვეყნის ჯანსაღი ეკონომიკის ქვაკუთხედია", - აღნიშნავენ სახდეპში.

14 სექტემბერს აშშ-მა ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში სანქციები დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ რუსეთს უსაფრთხოების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ გავლენის მოსახდენად იყენებდა. 

18 სექტემბერს, სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს მის საკუთრებაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდა.

ოთარ ფარცხალაძე საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობას 2013 წლის 7 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე იკავებდა. 

ფარცხალაძისთვის სანქციები დაწესებულია უკრაინაში ომის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფარგლებში. სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში ფარცხალაძე "ქართველ-რუს ოლიგარქად" არის მოხსენიებული და წერია, რომ რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში საქმიანობს.

სანქციების ქვეშ მოყვა ალექსანდრ ონიშენკო, რომელიც რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის (FSB) ოფიცერია, რომელიც, სავარაუდოდ, ფარცხალაძეს რუსული პასპორტისა და მოქალაქეობის მიღებაში დაეხმარა.

რაც შეეხება ოთარ ფარცხალაძის მოქალაქეობას, არსებული ინფორმაციით, მას რუსეთის მოქალაქეობა აქვს მიღებული. ამაზე საუბრობს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიც.

საქართველოში არსებული კანონმდებლობის თანახმად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში, მას ავტომატურად უნდა დაეკარგა საქართველოს მოქალაქეობა.


close დახურვა