logo
ENG



"ზეწოლაა, როცა მე მომმართავენ, რომ გადავდგე, რის გამო უნდა გადავდგე?!" - თურნავა

21 სექ 202301:52
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/21/jomjd3z545tpilz.png

ნათია თურნავა იმედის ეთერში საქართველოს ეროვნული ბანკიდან მისი წასვლის შესახებ მოთხოვნას ეხმაურება და სვამს კითხვას, რისთვის უნდა გადადგეს. ის ამას ზეწოლას უწოდებს და აცხადებს, რომ მისი გადაწყვეტილება "კონსტიტუციის შესატყვისი" იყო.

"ძალიან სამწუხაროა მოვისმინო მაღალი რანგის თანამდებობის პირისგან ეროვნული ბანკის საბჭოზე ზეწოლის კლასიკური ნიმუში, როდესაც მოუწოდებ შენ საბჭოს, გადააყენე მოვალეობის შემსრულებელი, გადადექით, როდესაც გიხარია, რომ "უკვე სამი წევრი გადადგა და ახლა ყველაფერი ჩამოიშლება", ალბათ სხვადასხვა წაკითხვა გვაქვს კონსტიტუციის.

ნათელია, საით არის ზეწოლა - ზეწოლაა, როდესაც გარედან არის არაადეკვატური მოწოდებები და ხელის შეშლის მცდელობა მუშაობაში. ზეწოლა არის, როდესაც მოგიწოდებენ, რომ შენ შენი კონსტიტუციური უფლებამოსილება არ აღასრულო, გააუქმე გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს მოსახლეობას იცავს, იმიტომ, რომ ვიღაცის პოლიტიკურ გემოვნებაში არ ჯდება.

ზეწოლა არის, როდესაც საბჭოს წევრებს მოუწოდებ, მოდი ახლა, შეცვალეთ ხელმძღვანელი. ზეწოლაა, როდესაც მე მომმართავენ, რომ გადავდგე. რის გამო უნდა გადავდგე, რომ საქართველოს კონსტიტუციის შესატყვისი გადაწყვეტილება მივიღე და ჩვენი მოქალაქეები ამიერიდან უფრო მეტად დაცულები იქნებიან თუნდაც საერთაშორისო სანქციების რეჟიმების ზემოქმედების დროს?! ეს არის კლასიკური ზეწოლა", - განაცხადა მან.

19 სექტემბერს ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა

ამ ცვლილებას წინ უძღოდა ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელმაც არაკონსტიტუციური უწოდა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას ფარცხალაძისთვის ანგარიშებზე წვდომის შეზღუდვაზე.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ეროვნული ბანკი სამივე ვიცეპრეზიდენტმა დატოვა. ამასთან, საკითხს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი - მან თქვა, რომ სებ-ის საბჭოს წევრად ნათია თურნავას წარდგენას ნანობს და ბოდიშს იხდის. ზურაბიშვილმა აღნიშნა ისიც, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან თურნავა უნდა გადადგეს.


close დახურვა