logo
ENG



რუსეთის მთავრობამ ბენზინის ექსპორტზე შეზღუდვა დააწესა

21 სექ 202317:49
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/21/q3j5ou414o34k1s.jpg

რუსეთის მთავრობამ 21 სექტემბრიდან საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტი შეზღუდა. რუსეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ ეს დროებითი შეზღუდვაა და შიდა ბაზარზე საწვავის ფასის დასტაბილურებას ისახავს მიზნად.

აკრძალვა ძირითადად ეხება ბენზინს და დიზელის საწვავს, მაგრამ მოსკოვმა გარკვეული გამონაკლისებიც დააწესა, მაგალითად: საწვავის მიწოდება ჰუმანიტარული დახმარებისა და საერთაშორისო შეთანხმებების ფარგლებში, სატრანზიტო მიწოდება, მიწოდება ოკუპირებული აფხაზეთისთვისა და ცხინვალის რეგიონისთვის, სხვა სახელმწიფოს ტერიტორიებზე რუსეთის სამხედრო ფორმირებებისთვის და ა.შ.

გარდა ამისა, შეზღუდვა არ შეეხება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ სახელმწიფოებს, რომელშიც რუსეთის გარდა სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი და ყირგიზეთი შედიან.

ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთში ბენზინისა და დიზელის დეფიციტია, რის გამოც საწვავის ფასებმა მნიშვნელოვნად მოიმატა; კერძოდ, წლის დასაწყისიდან 9,4%-ით გაიზარდა საწვავის ფასები, ხოლო ზოგადად, სამომხმარებლო პროდუქტების ფასებმა - 4%-ით მოიმატა. 

სექტემბრის ოც დღეში, გასული თვის იმავე პერიოდთან შედარებით, რუსეთმა ბენზინისა და დიზელის ექსპორტი 30%-ით, 1,7 მილიონ ტონამდე შეამცირა. 

გასულ წელს რუსეთმა ჯამში 4.817 მილიონი ტონა ბენზინი და 35 მილიონი ტონა დიზელი გაიტანა ექსპორტზე. 

საქართველოსთვის რუსეთი საწვავის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია. სწორედ ამის გამო საწვავზე ფასები საქართველოშიც იზრდება. ბოლო 3 თვეში კი ჯამში ფასები თითქმის 70 თეთრამდეა გაზრდილი.

აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ საწვავის ფასებმა, დეფიციტის შექმნის საფრთხის გავლენით, ევროპაშიც მოიმატა. 


close დახურვა