სახალხო დამცველის ცნობით, ომბუდსმენის რწმუნებული გლდანში დაკავებულ სამივე ოპოზიციონერს შეხვდა. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული ნიკა მელიამ სახალხო დამცველის რწმუნებულს პოლიციელის მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
"სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შესახებ სახალხო დამცველის აპარატმა დაუყოვნებლივ აცნობა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და სწრაფ და ეფექტიან რეაგირებას ელოდება. საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით, გლდანში მომხდარი დაპირისპირებისას 3 პირი დააკავეს. საქართველოს სახალხო დამცველი გააგრძელებს დაკავებულთა სავარაუდო უფლება დარღვევის ფაქტების შესწავლას", - აღნიშნავენ აპარატში.
ლდანში საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატზე, ირაკლი ეძგვერაძეზე ჯგუფური თავდასხმა მაშინ მოხდა, როცა ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს დეპუტატი სახლში ბრუნდებოდა. ამას წინ საკრებულოს სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება უძღოდა. ერთმანეთს ეძგვერაძე და ქართული ოცნების გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი, კოტე ზარნაძე დაუპირისპირდნენ.
თავდასხმის დროს ეძგვერაძესთან ერთად მეგობრები იმყოფებოდნენ და მათაც სცემეს. მისი თქმით, მათ მოულოდნელად ათობით ადამიანი დაესხა თავს.
ზარნაძე ფორმულასთან უარყოფს, რომ თავდასხმა მასსა და ეძგვერაძეს შორის დაპირისპირებას უკავშირდება და ამბობს, რომ მომხდარი ძალადობის შესახებ პირველად ესმის.
მომხდარის შემდეგ ეძგვერაძის სახლთან ნაციონალური მოძრაობის წევრები მივიდნენ, რომლებიც პოლიციამ დააკავა. დაკავებულები არიან ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა. არსებული ინფორმაციით, ისინი დიღმის იზოლატორში არიან გადაყვანილები.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპოზიციონერ დეპუტატზე, ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.