logo
ENG



ეძგვერაძეზე თავდასხმის საქმეზე 6 პირი დააკავეს

23 სექ 202314:37
3 წუთის საკითხავი
 

შსს-ს განცხადებით, გლდანში თბილისის საკრებულოს დეპუტატისა და მისი მეგობრების ჯგუფურად ცემის ბრალდებით 6 პირი დააკავეს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ძალადობას გულისხმობს. 

გლდანში საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატზე, ირაკლი ეძგვერაძეზე ჯგუფური თავდასხმა მაშინ მოხდა, როცა ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს დეპუტატი სახლში ბრუნდებოდა. ამას წინ დღეს საკრებულოს სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება უძღოდა. ერთმანეთს ეძგვერაძე და ქართული ოცნების გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი, კოტე ზარნაძე დაუპირისპირდნენ.

თავდასხმის დროს ეძგვერაძესთან ერთად მეგობრები იმყოფებოდნენ და მათაც სცემეს. მისი თქმით, მათ მოულოდნელად ათობით ადამიანი დაესხა თავს.

ზარნაძე ფორმულასთან უარყოფს, რომ თავდასხმა მასსა და ეძგვერაძეს შორის დაპირისპირებას უკავშირდება და ამბობს, რომ მომხდარი ძალადობის შესახებ პირველად ესმის.

მომხდარის შემდეგ ეძგვერაძის სახლთან ნაციონალური მოძრაობის წევრები მივიდნენ. პოლიციამ დაპირისპირების დროს ადმინისტრაციული წესით ენმ-ს სამი წევრი დააკავა. დაკავებულები არიან ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა.

ამასთან, შსს-ში აცხადებენ, რომ ეძგვერაძის მხარდამჭერებთან დაპირისპირების შედეგად პოლიციის თანამშრომლებს სხეულზე დაზინებები აღენიშნებათ და გამოძიება პოლიციელზე თავდასხმის მუხლით დაიწყეს.


close დახურვა