logo
ENG



2 გოგო 60 წლამდე კაცს სექსუალურ, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებს - ფორმულა

24 სექ 202317:19
3 წუთის საკითხავი
 

2 გოგო 60-წლამდე კაცს სექსუალურ, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებს. ფორმულა ორივე მათგანს ესაუბრა და ისინი ამბობენ, რომ ეს ყველაფერი 1 წლისა და 3 თვის განმავლობაში გრძელდებოდა. ისინი დამნაშავედ ერთსა და იმავე ადამიანს ასახელებენ.

სავარაუდო მსხვერპლები აცხადებენ, რომ დაუკავშირდნენ პოლიციას, სადაც ერთ-ერთის ჩვენების საფუძველზე სავარაუდო მოძალადეს შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს, მეორე გოგონას კი, მისივე თქმით, პოლიციელები არწმუნებდნენ, რომ განცხადება არ დაეწერა.

ძალადობის სავარაუდო მსხვერპლები თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ და უფლებადამცველებს დახმარებას სთხოვენ.

რესპონდენტების ინფორმაციით, სავარაუდო მოძალადე თავდაპირველად გოგონებს გაეცნო, როგორც უფროსი მეგობარი, შემდეგ კი, მათი თქმით, რეგულარულად აიძულებდა სექსუალურ მომსახურებას, სთავაზობდა ნარკოტიკებს, წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში კი, სცემდა და პირადი შინაარსის მქონე ვიდეომასალების გავრცელებით აშინებდა.

ფორმულა დაუკავშირდა შსს-ს, სადაც დაგვიდასტურეს, რომ გამოძიება დაწყებულია. ფორმულას მხრიდან სამართალდამცველებთან კომუნიკაციის შემდეგ, გამომძიებელი ერთ-ერთ სავარაუდო მსხვერპლს დაუკავშირდა და მოწმის სახით, პოლიციაში დაიბარა.

როგორც ერთ-ერთი სავარაუდო მსხვერპლი ფორმულასთან აცხადებს, კიდევ ბევრი არასრულწლოვანია, რომლის მიმართაც, სავარაუდო მოძალადე მსგავსი სახის ურთიერთობებს ამყარებს.

"ეს ყველაფერი ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდა, იმიტომ რომ ახდენდა ფსიქოლოგიურ ძალადობას. იყო მუქარა და შანტაჟი, რომ ხმას თუ ამოვიღებდით, რამეს დაგვიშავებდა ჩვენ და ჩვენს ახლობელს, კონკრეტულად იყო მუქარები, რომ დაგვადებდა შრამს სახეზე. ეს ხდება არა მარტო ჩვენზე, არის კიდევ ძალიან ბევრი გოგო, არასრულწლოვანები, 14 წლის გოგოები, რომლებთანაც დაიწყო ასეთი სახის ურთიერთობა 13 წლის ასაკში. ასევე ჰქონდა სექსუალური სახის ვიდეოები გადაღებები და მაგ ვიდეოების გავრცელებით გვემუქრებოდა. [...] პოლიციის განყოფილებაში ვიყავი, ფაქტებიც აქვთ ნანახი, მაგრამ განცხადება არ დამაწერინეს და პასუხი გამცეს, რომ მთელი დღის განმავლობაში იმიტომ არ დამაწერინეს განცხადება, რომ დრო არ ჰქონდათ, საქმე ჰქონდათ ბევრი და ფაქტებს აგროვებდნენ", - აცხადებს ერთ-ერთი სავარაუდო მსხვერპლი ფორმულასთან.

ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი გოგოები ამბობენ, რომ აქვთ ყველა მტკიცებულება, საიდანაც დასტურდება, რომ სავარაუდო მოძალადე მხოლოდ მათზე არ ძალადობდა და ქვეყნის მასშტაბით ათეულობით არასრულწლოვანი მსხვერპლი ჰყავს. რესპონდენტები შიშობენ, რომ სავარაუდო მოძალადეს, მისი ფინანსური რესურსებიდან გამომდინარე, პოლიციაში გავლენიანი ნაცნობები ჰყავს.

ფორმულა სავარაუდო მოძალადეს დაუკავშირდა, რომელმაც ნაწილობრივ დაადასტურა ინფორმაცია, რაც 2-მა გოგომ ჩვენთან საუბარში მოჰყვა, თუმცა აცხადებს, რომ ისინი არიან თაღლითები და პოლიციამ მხოლოდ მისთვის შემაკავებელი ორდერის გამოწერა მიიჩნია საჭიროდ.


close დახურვა