logo
ENG



პრეზიდენტის იმპიჩმენტზე წარდგინებას საკონსტიტუციო ზეპირი მოსმენით 3 ოქტომბერს განიხილავს

25 სექ 202311:21
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/25/kybxh2mk8ui4j7e.jpg
საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ცნობით, ქართული ოცნების მიერ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის წარდგინებას ზეპირი მოსმენით 3 ოქტომბერს განიხილავენ.

"კონსტიტუციური წარდგინებაში განხილვის საგანს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების გამო, რაც გამოიხატა საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების განხორციელებით და ოფიციალურ პირებთან სამუშაო შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვით", - აღნიშნულია განცხადებაში.

არსებითი განხილვა 12:00 საათზე ჩაინიშნა - მასში მონაწილეობას მიიღებენ წარდგინების ავტორები და საქართველოს პრეზიდენტი.

მანამდე ამის შესახებ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მერაბ ტურავამ ფორმულასთან ისაუბრა - როგორც მან 22 სექტემბერს განაცხადა, სხდომა, შესაძლოა მეორე დღესაც გაგრძელდეს.

"ვფიქრობთ, რომ 3 ოქტომბერს დავიწყოთ განხილვა და ალბათ, ერთ დღეში დავამთავრებთ, ან, შეიძლება, 4 ოქტომბერსაც გაგრძელდეს. საოქმო ჩანაწერი გამოვაქვეყნეთ და როგორც ავტორები, ასევე, პრეზიდენტი და მთავრობა იქნებიან მოწვეული სხდომაზე", - განაცხადა მან.

პირველ სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნება სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. მიზეზად პარტიაში მთავრობის უარის მიუხედავად, პრეზიდენტის ევროპაში გამგზავრება დაასახელეს, რითაც მან  "უხეშად დაარღვია კონსტიტუცია". 

ამას წინ უსწრებდა პრეზიდენტის ევროპაში ვიზიტი, სადაც ის საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებს შეხვდა. 

30 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტის პარალელურად განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას ყველა მოთხოვნილ ვიზიტზე უარი უთხრეს, მათ შორის, უკრაინაში.


close დახურვა