logo
ENG



კადიროვი აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც თავისი შვილი ყურანის დაწვისთვის დაკავებულს სცემს

26 სექ 202300:51
3 წუთის საკითხავი
clock 10847
2023/09/26/kqg3tulvh4bmvyd.jpg

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი Telegram-ზე აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც თავისი შვილი, 15 წლის ადამი ყურანის დაწვის საქმეზე ბრალდებულ პირს, ნიკიტა ჟურაველს სცემს.

"არ მიყვარს უთქმელობა. ყოველთვის სჯობს დასვა საბოლოო წერტილი - მართალი და ღირსეული. ქსელში ჯერ კიდევ დავობენ ადამ კადიროვის მიერ წმინდა ყურანის დამწველის, ნიკიტა ჟურაველის, უკრაინის სპეცსამსახურების თანამზრახველის ცემაზე. მოხდა ეს თუ არა? სცემა და სწორადაც მოიქცა. ნებისმიერი წმინდა წერილის ხელყოფა, მით უფრო მისი დემონსტრაციულად დაწვა, ჩვენი ქვეყნის მილიონობით მოქალაქეს შეურაცხყოფს და ამას მკაცრი სასჯელი უნდა მოჰყვეს", - წერს კადიროვი Telegram-ზე.

კადიროვი ადამიანებს, რომლებიც "სიწმინდეს შეურაცხყოფენ" "ნაძირლებს" უწოდებს და ამბობს, რომ "მათ არ სურთ, რომ რუსეთში ყველამ იცხოვროს გვერდიგვერდ მშვიდობითა და ურთიერთგაგებით". ის ამბობს, რომ "მსგავსი პროვოკატორები და მოღალატეები არიან სიმსივნეები სხეულზე, რომლებიც უნდა ამოიშანთოს".

კადიროვი მოძალადე შვილს აქებს და ამბობს, რომ "ამაყობს მისი საქციელით".

"გადამეტების გარეშე, დიახ, მე ვამაყობ ადამის საქციელით. მას ყოველთვის გამოარჩევდა გაზრდის სურვილი არა მხოლოდ თანატოლებში, არამედ შედარებით უფროსებშიც, რისი წყალობითაც მას ჩამოუყალიბდა პატივის, ღირსებისა და რელიგიის დაცვის ზრდასრული იდეალები. პატივს ვცემ მის არჩევანს", - წერს კადიროვი.

2023 წლის მაისში ნიკიტა ჟურაველმა, ვოლგოგრადის საკათედრო მეჩეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ყურანი დაწვა და ვიდეო გადაიღო. მოგვიანებით კი ვიდეო Telegram-ის ერთ-ერთ არხზე გამოქვეყნდა. მას ბრალად ედება, რომ ურანის დაწვისას უკრაინის სპეცსამსახურების მითითებით, 10 ათასი რუბლის საფასურად მოქმედებდა.

26 მაისს ნიკიტა ჟურაველი ჩაიყვანეს გროზნოში, ამ საქმეზე სასამართლო გამოძიების ჩასატარებლად და სწორედ გროზნოს წინასწარი დაკავების იზოლატორში, როგორც თავად ჟურაველი ამბობს, ის კადიროვის 15 წლის შვილმა სცემა.


close დახურვა