ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, სტუდენტებისთვის დავალიანების განულებაში 40 მილიონს არ გადაიხდიან. ამის შესახებ მან დღეს პარლამენტში სხდომაზე ისაუბრა და თქვა, რომ უნივერსიტეტებს სახელმწიფოს მხრიდან, დაახლოებით, 20%-ის დაფარვა შესთავაზეს.
"30 000 სტუდენტს გაუნულდება დავალიანება, ამ დავალიანების განულებაში არ გადავიხდით 40 მილიონს. 20%, რაც კერძო უნივერსიტეტებთან შეთავაზება უკვე მოხდა, 20%-ზე რომელი უნივერსიტეტიც დათანხმდება - "4 წელი რომ ვალი აქვს ჩემთან სტუდენტს და არ გადაუხდია ეს ვალი, მე მიღირს, რომ მისი 20% გადამიხადოთ და ჩამოვაწერო". თუ რომელიმე უნივერსიტეტი არ დათანხმდება, ვნახოთ, თუ რომელიმეს არ უღირს... მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა უნივერსიტეტისთვის ფინანსურად ეს იქნება მისაღები პირობა", - განაცხადა მან.
20 სექტემბერს ფორმულასთვის ცნობილი გახდა, რომ სტატუსშეჩერებული სტუდენტების საკითხზე მთავრობაში კერძო უნივერსიტეტების წარმომადგენლები დაიბარეს. როგორც ფორმულას წყარომ განუცხადა, უნივერსიტეტების წარმომადგენლებს მოსთხოვეს, რომ დავალიანება, რომლის გადახდის პირობაც მთავრობამ რამდენიმე დღით ადრე გასცა, თავად დაეფარათ.
15 სექტემბერს, აშშ-ის მიერ ოთარ ფარცხალაძის სანქცირების მეორე დღეს, ირაკლი ღარიბაშვილმა სტუდენტებისთვის დავალიანების დაფარვა დააანონსა. პრემიერმინისტრმა თქვა, რომ სტუდენტებს, რომლებსაც ფინანსური დავალიანების გამო, შეჩერებული აქვთ სტატუსი, დავალიანება გაუნულდებოდათ.