საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია სოციალურ ქსელში წერს, რომ წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო ეროვნული სტენდით წარდგება. ეს განცხადება მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც ბოიკოტში მყოფმა მწერლებმა და გამომცემლებმა განაცხადეს, რომ წიგნის ბაზრობაზე საკუთარი სახსრებით წარდგებოდნენ.
"გვინდა საზოგადოებას გავაცნოთ კარგი გადაწყვეტილება, რომლის მისაღწევადაც ჩვენმა ასოციაციამ მონდომება არ დაიშურა. წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო ეროვნული სტენდით წარდგება. ამ გადაწყვეტილებით ასოციაცია ინარჩუნებს ტრადიციას, ითვალისწინებს როგორც ჩვენი სექტორის, ისე მთელი სახელმწიფოს ინტერესებს და რჩება ევროპულ კონტექსტში. ამჟამად ვაზუსტებთ დეტალებს და ახლო მომავალში დაგიბრუნდებით უფრო ვრცელი განცხადებით", - წერია განცხადებაში.
დღეს ცნობილი გახდა, რომ გამომცემლები და მწერლები ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე მწერალთა სახლთან არ ითანამშრომლებენ. თანამშრომლობაზე უარს აცხადებენ გამომცემლობები სულაკაური, ინტელექტი, პალიტრა L და არტანუჯი.
მწერალთა ბოიკოტის გამო, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართული სტენდი, სავარაუდოდ, წელს არ იქნება. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად პუბლიკამ გაავრცელა. ფორმულასთან საუბრისას აღნიშნული ინფორმაცია მწერალთა სახლის დირექტორმა, ქეთი დუმბაძემ არ უარყო.
წლევანდელი პროგრამით ბაზრობაში მონაწილეობა უნდა მიეღო სამ ქართველ მწერალს, თამთა მელაშვილს, ეკა ქევანიშვილსა და აბო იაშაღაშვილს, თუმცა ისინი მწერალთა სახლთან დირექტორის პოზიციაზე ქეთი დუმბაძის დანიშვნის შემდეგ აღარ თანამშრომლობენ.
ბოიკოტის რეჟიმშია წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, რომელიც მწერალთა სახლთან ერთად პროექტის ორგანიზატორი იყო.