აზერბაიჯანმა 300-ზე მეტ "სომეხ სეპარატისტზე" საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.
როგორც ადგილობრივი მედია Happin.az წერს, აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურორმა, კამრან ალიევმა ძებნაში მყოფ სომხებს ნებაყოფლობით ჩაბარებისკენ მოუწოდა. ასევე, ნათქვამია, რომ "აზერბაიჯანულმა მხარემ ყარაბაღის კონფლიქტის დაწყების შემდეგ სომეხი სეპარატისტების მიერ ჩადენილი ყველა დანაშაული დააზუსტა".
აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ შეაგროვეს მტკიცებულებები და სულ 300 სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, საერთაშორისო ძებნილად კი 300-ზე მეტი ადამიანია გამოცხადებული.
კვირის დასაწყისში აზერბაიჯანის ხელისუფლებამ უკვე დააკავა მთიანი ყარაბაღის რამდენიმე ყოფილი და მოქმედი ოფიციალური პირი, მათ შორის, არაღიარებული რესპუბლიკის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, რომელიც ტერორიზმის დაფინანსებაშია ბრალდებული.