ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სუს-ის ბრიფინგს ეხმაურება, რომლის მტკიცებითაც, "სერბეთის სამი მოქალაქე, რომლებიც, მათივე მტკიცებით, დაკავშირებულები არიან 2003 წლის ვარდების რევოლუციის მოვლენებთან, საქართველოში USAID-ის პროგრამის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოვიდნენ".
კობახიძე სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას "შემაშფოთებელს" უწოდებს და USAID-სგან და აშშ-სგან განმარტებებს ითხოვს.
"მე ვუყურე სუს-ის ბრიფინგს, გახსოვთ, რომ თავიდან ცდილობდნენ ეს ადამიანები, რომ დაემალათ მათი ვიზიტის რეალური მიზანი, საუბრობდნენ, რომ თითქოს კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან ჰქონდათ შეხვედრები, თუმცა, რეალურად გაირკვა, რომ მათი მიზანი იყო რევოლუციური პროცესების შემზადება, დაგეგმვა, რაც არის შემაშფოთებელი.
მით უფრო შემაშფოთებელია, რომ როგორც გაირკვა, ეს ყველაფერი ფინანსდება შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ, რომელსაც ეწოდება USAID, რაც ნიშნავს "ამერიკის დახმარება" და მე მგონი, ეს არ არის ამერიკის დახმარება. ჩვენ დაგვჭირდება, რა თქმა უნდა, განმარტებების მიღება ამასთან დაკავშირებით, რატომ დაფინანსდა USAID-ის მიერ ასეთი ტრენინგი, რომლის პირდაპირი მიზანი იყო საქართველოში რევოლუციის მომზადება. [...]
სცენარი არის არეულობა, რევოლუცია და საბოლოო მიზანი ვიცით რაც არის, მეორე ფრონტი, რასაც ვერ მიაღწიეს 2022 წლიდან, როდესაც უკრაინაში დაიწყო ომი, თუმცა, როგორც ჩანს, ეს მიზანი ჯერ კიდევ არ არის განელებული, აქედან გამომდინარე ვხედავთ, რომ იგეგმება ასეთი პროცესები და კიდევ გავიმეორებ, რომ განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ამ ყველაფრის უკან დგას USAID-ის დაფინანსება. ჩვენ დაგვჭირდება ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს მხრიდან განმარტებების მოსმენა ამასთან დაკავშირებით", - განაცხადა კობახიძემ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური "გადატრიალების საქმეზე" მორიგ განცხადებას ავრცელებს და ამჯერად USAID-სა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე საუბრობს.
მათი თქმით, სერბეთის სამი მოქალაქე, რომლებიც, მათივე მტკიცებით, დაკავშირებულები არიან 2003 წლის ვარდების რევოლუციის მოვლენებთან, საქართველოში USAID-ის პროგრამის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოვიდნენ.
სუს-ის მტკიცებით, მათი საქართველოში ჩამოსვლის გაცხადებული მიზეზი იყო კულტურის სფეროში მოღვაწე ჯგუფებისთვის ტრენინგების ჩატარება "სტრატეგიული არაძალადობრივი ბრძოლის" საკითხებში, მაგრამ, მათივე თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მათი ჩამოსვლის მიზანი მხოლოდ ეს არ იყო.
"კერძოდ, ვიზიტის რეალური დანიშნულება იყო იმ ახალგაზრდებსა და გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაციის დამყარება და ტრენინგების ჩატარება, რომლებიც საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილი დესტრუქციული მოქმედებების და კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ბირთვი უნდა გახდნენ", - ამტკიცებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
სუს-მა პირველად 18 სექტემბერს გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ ოქტომბერ-დეკემბერში "დესტაბილიზაცია და სამოქალაქო არეულობის მოწყობა" იგეგმება. უწყება განცხადებაში აღნიშნავს, რომ ამას "საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი" გეგმავს.