logo
ENG



სახდეპი: ჩვენი ერთადერთი ჩართულობა საქართველოში ჰუმანიტარული, დემოკრატიული მიზნებისთვისაა

02 ოქტ 202323:53
3 წუთის საკითხავი
clock 2028
2023/10/02/nscfpukxb6bcdgz.jpg

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ მათი ერთადერთი ჩართულობა საქართველოში ჰუმანიტარული და დემოკრატიული მიზნებისთვისაა.

სახდეპის პრესსპიკერს მეთიუ მილერს ჟურნალისტმა ჰკითხა, როგორ შეაფასებდა ქართული ოცნებისა და სუს-ის ბრალდებებს USAID-თან დაკავშირებით. მილერმა თქვა, რომ განცხადებას არ გაცნობია, თუმცა აღნიშნა: "ერთადერთი ჩართულობა, რომელიც გვაქვს საქართველოში არის ჰუმანიტარული და დემოკრატიული მიზნებისთვის".

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "გადატრიალების საქმეზე" მორიგი განცხადება გაავრცელა და ამჯერად USAID-სა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე ისაუბრა.

მათი თქმით, სერბეთის სამი მოქალაქე, რომლებიც, მათივე მტკიცებით, დაკავშირებულები არიან 2003 წლის ვარდების რევოლუციის მოვლენებთან, საქართველოში USAID-ის პროგრამის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოვიდნენ.

სუს-ის მტკიცებით, მათი საქართველოში ჩამოსვლის გაცხადებული მიზეზი იყო კულტურის სფეროში მოღვაწე ჯგუფებისთვის ტრენინგების ჩატარება "სტრატეგიული არაძალადობრივი ბრძოლის" საკითხებში, მაგრამ, მათივე თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მათი ჩამოსვლის მიზანი მხოლოდ ეს არ იყო.

სუს-მა პირველად 18 სექტემბერს გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ ოქტომბერ-დეკემბერში "დესტაბილიზაცია და სამოქალაქო არეულობის მოწყობა" იგეგმება. უწყება განცხადებაში აღნიშნავდა, რომ ამას "საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი" გეგმავს.

ამასთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩომ საქართველოში განცხადება გაავრცელა და  USAID-ის მიმართ ქართული ოცნების ბრალდებებს მცდარი და დაუსაბუთებელი უწოდა. 

განცხადებაში საელჩომ განმარტა, რომ CANVAS-თან თანამშრომლობით ტრენინგები ჩაუტარდათ დედებს, რომლებიც ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის გაუმჯობესებას ითხოვენ და იმ პირებს, რომლებიც ხანდაზმული მოქალაქეების უფლებებს უწევენ ადვოკატირებას.

სახელმწიფო გადატრიალების შესახებ ბრალდებებზე ორგანიზაცია CANVAS საქართველომ დღეს განცხადება გაავრცელა და ეს ზეწოლად შეაფასა. ორგანიზაციაში აღნიშნეს, რომ სუს-ის ბრალდებებამდე იყო შემთხვევები, როცა თანამდებობის პირებმა მათი დირექტორის მისამართით მუქარის შემცველი კომენტარები გააკეთეს.


close დახურვა