logo
ENG



"მქონდა განცდა, რომ საბჭოთა პროცესის მონაწილე ვარ" - მელაძის გამოკითხვა დასრულდა

05 ოქტ 202312:42
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/05/ml1ysnp5h9sk37w.jpg

სასამართლოში CANVAS-ის დირექტორი, გიორგი მელაძის გამოკითხვა დასრულდა. მისი თქმით, კითხვები, რომელიც მას დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა დაუსვა, შეურაცხმყოფელი იყო და აპირებს, ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს. 

მელაძის განცხადებით, გაუგებარია, რატომ არის სახელმწიფო საიდუმლო ის საკითხები, რომლითაც დღეს ისინი დაინტერესდნენ. 

"ჩემთვის ეს იყო შეურაცხმყოფელი ასეთი ტიპის პროცესი, ასეთი ტიპის კითხვები და საერთოდ დაბარება ასეთ საქმეზე [...] ადვოკატებთან ერთად გავივლი კონსულტაციას, რომ რაღაცა პროცესი უნდა მოვიფიქროთ, რის ფარგლებშიც ზიანის ანაზღაურება უნდა მოვითხოვო. ჩემთვის გაუგებარია, რატომაა ეს ყველაფერი, რითაც ისინი ინტერესდებიან, რატომაა ეს სახელმწიფო საიდუმლო. ამიტომ, ეს პრობლემაა, როგორც ჩემთვის, ისე თქვენთვის. ნებისმიერ თქვენგანთან მოვლენ, გეტყვიან, რომ საიდუმლოა და თქვენ დგახართ ასე ჩუმად და ვერაფერს ამბობთ. დღეს მქონდა განცდა, რომ საბჭოთა პროცესის მონაწილე ვარ", - განაცხადა მან. 

CANVAS-ის დირექტორის ადვოკატი შოთა თუთბერიძის განცხადებით, მელაძის მიმართ კითხვები მის სალექტორო საქმიანობას შეეხებოდა. მისი თქმით, მელაძეს ჰკითხეს "ლექციის დროს რატომ საუბრობდა ფინეთ-რუსეთის ომზე, ან რატომ მოიყვანა მაგალითები ბერლინის აღების ოპერაციიდან, თუკი ლექცია ამას არ ეხებოდა". 

"მიუხედავად იმისა, რომ გაუთქმელობაზე ხელწერილს არც მე და არც ბატონმა გიორგიმ არ მოვაწერეთ, მე თავს შევიკავებ გაუთქმელობის ნაწილში მაინც შინაარსზე საუბრისას, თუმცა შემიძლია, გითხრათ, რომ მთლიანი პროცესი არის დამიზნებული არა კონკრეტული პირისადმი, არა კონკრეტული ლექტორისადმი, არამედ ზოგადად, სამართლებრივი სისტემის ცვლილებისადმი საქართველოში", - აღნიშნავს ის. 

მანამდე, 29 სექტემბერს ხელისუფლების დამხობის მორიგი საქმის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ორგანიზაცია CANVAS-ის წარმომადგენლები გამოჰკითხეს - ისინი სერბეთის მოქალაქეებია არიან და საქართველოში პროექტის ფარგლებში იმყოფებოდნენ.

***

სუს-მა პირველად 18 სექტემბერს გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ ოქტომბერ-დეკემბერში "დესტაბილიზაცია და სამოქალაქო არეულობის მოწყობა" იგეგმება. უწყება განცხადებაში აღნიშნავდა, რომ ამას "საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი" გეგმავს.

სახელმწიფო გადატრიალების შესახებ ბრალდებებზე ორგანიზაცია CANVAS საქართველომ განცხადება გაავრცელა და ეს ზეწოლად შეაფასა. ორგანიზაციაში აღნიშნავდნენ, რომ სუს-ის ბრალდებებამდე იყო შემთხვევები, როცა თანამდებობის პირებმა მათი დირექტორის მისამართით მუქარის შემცველი კომენტარები გააკეთეს.

ამას 2 ოქტომბერს სუს-ის მორიგი განცხადება მოჰყვა, სადაც ამჯერად USAID-სა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე საუბრობდნენ.

მათი თქმით, სერბეთის სამი მოქალაქე, რომლებიც, მათივე მტკიცებით, დაკავშირებულები არიან 2003 წლის ვარდების რევოლუციის მოვლენებთან, საქართველოში USAID-ის პროგრამის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოვიდნენ.

სუს-ის მტკიცებით, მათი საქართველოში ჩამოსვლის გაცხადებული მიზეზი იყო კულტურის სფეროში მოღვაწე ჯგუფებისთვის ტრენინგების ჩატარება "სტრატეგიული არაძალადობრივი ბრძოლის" საკითხებში, მაგრამ, მათივე თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მათი ჩამოსვლის მიზანი მხოლოდ ეს არ იყო.

 

  

 

 

 

close დახურვა