logo
ENG



პრეზიდენტმა ნიკო კვარაცხელია ღირსების მედლით დააჯილდოვა

11 ოქტ 202316:41
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/11/rcb3l2jawvibjr2.jpg

საქართველოს პრეზიდენტმა ნიკოლოზ (ნიკო) კვარაცხელია ღირსების მედლით დაჯილდოვა.

სახელმწიფო ჯილდო პრეზიდენტმა ახალგაზრდა მეწარმის, ნიკო კვარაცხელიას დედას, იზა ომაძეს გადასცა.

"ნიკო კვარაცხელია დაჯილდოვდა მაღალი ტექნოლოგიების სფეროს განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, პირველი ქართული სოციალური პლატფორმა ფიდსის შექმნისთვის, ახალგაზრდების ეკონომიკური და სოციალური აქტივობების განსაკუთრებული მხარდაჭერისა და საერთაშორისო დონეზე საქართველოს პოპულარიზაციისათვის", - ნათქვამია ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

22 წლის ნიკო კვარაცხელიას 2021 წლის 15 სექტემბერს ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-მდე ტყვია ესროლეს. ის მეორე დღეს კლინიკაში გარდაიცვალა. მკვლელობაში ბრალდებული ორი პირი - აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე 7 ოქტომბერს დააკავეს.

შსს-ში აცხადებდნენ, რომ ბრალდებულებმა კვარაცხელიას მკვლელობა დაგეგმეს, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ერთ-ერთი მოქალაქისგან იქირავეს ავტომობილი. 15 სექტემბერს კი ისინი ჩაუსაფრდნენ კვარაცხელიას, აკო ჭელიძემ მისი მიმართულებით 10-ზე მეტი გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან გიორგი კივილაძესთან ერთად ნაქირავები ავტომანქანით მიიმალა.

2 თებერვალს კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ საქალაქოს გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა და მსჯავრდებულები ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დამნაშავედ ცნო. სასამართლომ ჭელიძეს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, კავილაძეს კი 16.


close დახურვა