logo
ENG



12 წლის ანას საქმეზე სამხარაულის ექსპერტს ბრალი წარუდგინეს

17 ოქტ 202315:16
3 წუთის საკითხავი
 

უფლებები საქართველოს ცნობით, დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ანას საქმეზე სამხარაულის ექსპერტს სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით ბრალდება წარუდგინეს.

თუმცა ორგანიზაციის იურისტები მიიჩნევენ, რომ საქმის კვალიფიკაცია უნდა შეიცვალოს და ბრალი უნდა დამძიმდეს.

"არსებული ინფორმაციით, პროკურატურა ბრალდებულისათვის რაიმე სახის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობის დაყენებას არ აპირებს. უფლებები საქართველოს ადვოკატები და ბავშვის დედა მიიჩნევენ, რომ აუცილებელია, ბრალდებულ ექსპერტს შეეფარდოს წინასწარი პატიმრობა, რათა თავიდან იქნას აცილებული, მათ შორის, შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობის, მოწმეზე ზემოქმედების ან/და მტკიცებულების განადგურების საფრთხე", - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

17 მარტს დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე 12 წლის ანა იანუშაიტიტე გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახი აცხადებს, რომ გოგო მოკლეს, რადგან მას სხეულზე დაზიანებები ჰქონდა.

გოგოს ოჯახის ინტერესებს ორგანიზაცია უფლებები საქართველო იცავს.

5 ივლისს ორგანიზაციის იურისტებმა განაცხადეს, რომ გარდაცვლილი 12 წლის ანას საქმეში მნიშვნელოვანი მტკიცებულებები არის დაზიანებული, კერძოდ, საკვლევი მასალების შენახვის წესის დარღვევის შედეგად, გოგონას გვამიდან აღებული ნიმუშები დაობდა.

გამოძიება მიმდინარეობს სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით.


close დახურვა