პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა დაიწყო.
პროცედურა იმპიჩმენტის წარდგინების მომხსენებლის და პრეზიდენტის გამოსვლას, კითხვა-პასუხის რეჟიმსა და დასკვნით სიტყვას ითვალისწინებს.
სხდომას ესწრება პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც. სხდომის დაწყებამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ მოთხოვნის მიუხედავად, პარლამენტმა უარი თქვა, დღევანდელ სხდომაზე დიპლომატიური კორპუსი და საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლები მიეწვია.
განხილვასა და კენჭისყრაში მონაწილეობას არ იღებენ ნაციონალური მოძრაობისა და პარტია საქართველოსთვის წევრები. გირჩის წევრების განცხადებით, დარბაზში იქნებიან, თუმცა იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერენ.
ამასთან, როგორც ცნობილია, დამოუკიდებელი დეპუტატი თეონა აქუბარდია და ალეკო ელისაშვილი შევლენ განხილვაზე და კენჭისყრის დროს დატოვებენ დარბაზს.
კენჭისყრის პროცესში არც ლელოს წევრები მიიღებენ მონაწილეობას.
პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის პარლამენტს 100 ხმა სჭირდება.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია.
სასამართლოს 9 წევრიდან განსხვავებული პოზიცია 3-მა დააფიქსირა - ირინე იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა.
საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის წარდგინების განხილვა 5 ოქტომბერს დაასრულა. პლენუმი სამი დღის განმავლობაში უსმენდა მხარეებს.
სხდომებს არ დასწრებია პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მის ინტერესებს სასამართლოზე იცავდნენ თამარ ჩუგოშვილი - პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი და ქართული ოცნების ყოფილი წევრი, და მაია კოპალეიშვილი - საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე.
წარდგინების ავტორების მხრიდან სხდომაზე მომხსენებლები იყვნენ ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი.
პირველ სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნება სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. მიზეზად პარტიაში მთავრობის უარის მიუხედავად, პრეზიდენტის ევროპაში გამგზავრება დაასახელეს, რითაც მან "უხეშად დაარღვია კონსტიტუცია".
30 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტის პარალელურად განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას ყველა მოთხოვნილ ვიზიტზე უარი უთხრეს, მათ შორის, უკრაინაში.
№1797 კონსტიტუციურ წარდგინებაში განხილვის საგანს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების გამო, რაც გამოიხატა საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების განხორციელებით და ოფიციალურ პირებთან სამუშაო შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვით.
კერძოდ, საუბარია სამ სამუშაო ვიზიტზე: 2023 წლის 31 აგვისტოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, 2023 წლის 1 სექტემბერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან და 2023 წლის 6 სექტემბერს საფრანგეთის პრეზიდენტთან.