logo
ENG



სუს-მა "გადატრიალების" საქმეზე, რეჟისორი გიორგი სავანელი გამოკითხვაზე დაიბარა

20 ოქტ 202309:29
3 წუთის საკითხავი
 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "გადატრიალების" საქმეზე კიდევ ერთი ხელოვანი, რეჟისორი გიორგი სავანელი გამოკითხვაზე დაიბარა.

რეჟისორი ამბობს, რომ ხელისუფლება უსაფუძვლო სკანდალის შექმნას და სხვა მთავარი პრობლემების გადაფარვას ცდილობს. სავანელის თქმით, ტრენინგში კულტურის სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ და ხელისუფლების გადატრიალებასთან არაფერი აქვთ საერთო.

რეჟისორი არ გამორიცხავს, რომ მისი დაბარება კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მიმართ გამოხატულ პროტესტსაც უკავშირდებოდეს.

"კომიკურია თვითონ ეს სიტუაცია, თუმცა ფართო სურათი რომ აღვიქვათ, შევხედოთ პირიქით - ძალიან დრამატულიც არის ქვეყნისთვის და სახელმწიფოებრიობისთვის. როცა სახელმწიფოში ამდენი პრობლემაა, ამდენი გაურკვეველი ხალხი შემოდის, რომელთა იდენტიფიცირება არ ხდება და ბოლო 10 წლის განმავლობაში რუსული გავლენის ერთი აგენტი არ აღმოუჩენიათ, დასდევენ დამოუკიდებელ ხელოვანებს და შემოქმედებს - ძალიან მძიმე სურათია. არ ვიცი აქედან რამე თუ გამოუვათ სათავისოდ, ძალიან ეჭვი მეპარება, ძალიან ცუდი ადრესატები შეარჩიეს იმისთვის, რომ სახელმწიფო გადატრიალება "შეტენონ", - თქვა სავანელმა.

***

სუს-მა პირველად 18 სექტემბერს გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ ოქტომბერ-დეკემბერში "დესტაბილიზაცია და სამოქალაქო არეულობის მოწყობა" იგეგმება. უწყება განცხადებაში აღნიშნავს, რომ ამას "საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი" გეგმავს. 

"გადატრიალების" შესახებ პროპაგანდისტულ და დაუსაბუთებელ საქმეზე მორიგ განცხადებაში სუს ამჯერად USAID-სა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე საუბრობს. 

მათი თქმით, სერბეთის სამი მოქალაქე, რომლებიც, მათივე მტკიცებით, დაკავშირებულები არიან 2003 წლის ვარდების რევოლუციის მოვლენებთან, საქართველოში USAID-ის პროგრამის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოვიდნენ.

სუს-ის მტკიცებით, მათი საქართველოში ჩამოსვლის გაცხადებული მიზეზი იყო კულტურის სფეროში მოღვაწე ჯგუფებისთვის ტრენინგების ჩატარება "სტრატეგიული არაძალადობრივი ბრძოლის" საკითხებში, მაგრამ, მათივე თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მათი ჩამოსვლის მიზანი მხოლოდ ეს არ იყო.

"კერძოდ, ვიზიტის რეალური დანიშნულება იყო იმ ახალგაზრდებსა და გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაციის დამყარება და ტრენინგების ჩატარება, რომლებიც საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილი დესტრუქციული მოქმედებების და კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ბირთვი უნდა გახდნენ", - ამტკიცებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.


close დახურვა