logo
ENG



ურუშაძე საცობებზე: ეს არის კალაძისა და ქართული ოცნების კორუფციული ინტერესების შედეგი

23 ოქტ 202310:22
3 წუთის საკითხავი
 

ნაციონალურმა მოძრაობამ თბილისში არსებულ საცობებთან დაკავშირებით დღეს ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ დედაქალაქის "სატრანსპორტო კოლაფსი" ქართული ოცნებისა და კახა კალაძის "კორუფციული ინტერესების შედეგია".

როგორც პარტიის წევრმა, ვასო ურუშაძემ ისაუბრა, ენმ აპირებს, რომ ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის შესრულება მოითხოვოს.

"ეს არის კალაძისა და ქართული ოცნების კორუფციული ინტერესების შედეგი, მათი პრიორიტეტი არ არის ქალაქში თბილისელების ინტერესების გატარება, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რომელიც მოაგვარებს ისეთ მნიშვნელოვან პრობლემებს, როგორიცაა საცობები, სატრანსპორტო კოლაფსი, რომელიც ადამიანებს ყოველდღიურად ამყოფებს გაუსაძლის მდგომარეობაში. ჩვენ ვაპირებთ, დავიცვათ თბილისელების ინტერესი და მოვითხოვოთ ყველა იმ ინფრასტრუქტურული პროექტის შესრულება, რაც მნიშვნელოვნად შეცვლის თბილისელების ყოველდღიურობას", - აღნიშნა მან.

მან აქვე ისაუბრა იმაზე, რომ წინა ხელისუფლების დროს დაგეგმილი პროექტი, რომლის თანახმადაც, მარშალ გელოვანის გამზირზე ხიდისა და ორდონიანი ესტაკადის მშენებლობის პროექტი იყო დაგეგმილი, მნიშვნელოვნად შეამცირებდა იმ არეალში საცობებს, თუმცა ეს პროექტი, სხვების მსგავსად, "თაროზე შემოიდო".


close დახურვა