ავტორი: ბელა არუთინოვი
საყოველთაო დაუმორჩილებლობა, საქართველოს დამოუკიდებლობის ლეგიტიმაციის საფუძველი, დამსხვრეული მითი რუსეთთან ბედნიერი თანაცხოვრების შესახებ - 1989 წლის 9 აპრილი საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს ისტორიის ერთ-ერთი პირველი ფურცელია.
ეს თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიით და მსხვერპლით დაწყებული თავისუფლების სიმბოლოდ იქცა. ყველაფერი კი ასე დაიწყო:
9 აპრილის წინაპირობა
1989 წლის მარტში, ახლა უკვე ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ ლიხნში ანტიქართულად განწყობილმა აფხაზებმა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის სახელზე შეადგინეს პეტიცია, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საქართველოს შემადგენლობიდან გასვლას და რუსეთთან მიერთებას ითვალისწინებდა. აღნიშნულმა ფაქტმა რეგიონში მცხოვრები ქართველების და ქვეყნის სხვა მოქალაქეების შეშფოთება გამოიწვია. მოგვიანებით, 3 აპრილს საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერმა მერაბ კოსტავამ მხარდამჭერებთან ერთად სოხუმის ცენტრში მიტინგი გამართა, რის შემდეგაც ლიდერები თბილისში მასშტაბური აქციების გამართვაზე შეთანხმდნენ.
4 აპრილს ჯერ კიდევ საბჭოური საქართველოს დედაქალაქში აფხაზეთში მცხოვრები ქართველების სოლიდარობის აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდებოდა. მოქალაქეები რუსეთის ანტიქართულ პოლიტიკასა და სეპარატიზმის გაღვივებას შიმშილით აპროტესტებდნენ.
აფხაზეთის კომუნისტური პარტიის თავმჯდომარის ბორის ადლეიბას გადაყენებით სიტუაცია არ შეცვლილა. პრობლემას უკვე რუსეთის დაქვემდებარებაში ყოფნა წარმოადგენდა. თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას მოწყურებული საზოგადოება აქციებს არ წყვეტდა და რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სახლთან [ამჟამინდელი პარლამენტი] ასობით ადამიანი იკრიბებოდა.
მსხვერპლის ფასად მოპოვებული თავისუფლება - 9 აპრილის ღამე
7 აპრილს საქართველოს კომპარტიის პირველმა მდივანმა ჯუმბერ პატიაშვილმა მოსკოვში, საბჭოთა ხელმძღვანელობას წესრიგის აღსადგენად დამხმარე ძალების გამოგზავნის თხოვნით მიმართა. რამდენიმე საათში პერმიდან და ვორონეჟიდან თბილისში საგანგებო დანიშნულების რაზმები შემოვიდნენ. შემდეგ დადგა 9 აპრილი - დილის 11:00 საათზე დედაქალაქში ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა. ინფორმაცია კომენდანტის საათის გამოცხადების შესახებ მოსახლეობამ რამდენიმესაათიანი დაგვიანებით მიიღო.
რუსული ჯარი საქართველოს დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე, ცრემლსადენი გაზი, ნიჩბები, მომწამვლელი ქიმიური საშუალებები, ტანკები და ცეცხლსასროლი იარაღი - ასე დაიწყო საქართველოს მოქალაქეების სადამსჯელო ოპერაცია, რომელსაც მთავარი ჯალათი, საბჭოთა არმიის გენერალი იგორ როდიონოვი ხელმძღვანელობდა. 9 აპრილს, გამთენიისას რუსულმა არმიამ რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტების დაშლა დაიწყო. ამ ღამეს ასობით ადამიანი დაშავდა და მოიწამლა.
სადამსჯელო ოპერაციას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, რომელთა უმეტესობა ახალგაზრდები იყვნენ, მათ შორის კი, სამი 16 წლის მოზარდიც იყო.
ერთი ადამიანის ისტორია
ფორმულასთან ინტერვიუში მაშინდელ მოვლენებს, 9 აპრილის აქციის ერთ-ერთი მონაწილე, მზისო ნავროზაშვილი ახლაც დიდი ემოციით იხსენებს. მაშინ ის საბჭოთა არმიის ნიჩაბს გადაურჩა, თუმცა ბევრი დაშავებულის ისტორიას შეესწრო, იმყოფებოდა მოკლულების დაკრძალვებზე და იმასაც ჰყვება, რომ გარდაცვლილებისთვის პატივის მისაგებად, მათ საფლავებს მიწას ნიჩბების გარეშე, შიშველი ხელებით აყრიდნენ. 9 აპრილის გმირები მთელმა ერმა შეგროვებული თანხით დაასაფლავა. ნავროზაშვილი ამბობს, რომ საქართველოს მოსახლეობა წნეხს გლოვის პერიოდშიც კი განიცდიდა.
"ყველაფერი იმით დაიწყო, რომ აფხაზეთში საბჭოთა იმპერიამ პროვოკაციები მოაწყო. აფხაზეთის დასაცავად თბილისში აქცია დაიწყო, მაგრამ აქაც ვერაგობა იყო ჩადებული. 9 აპრილის მოვლენებამდე მსგავსი ამბავი იყო აზერბაიჯანშიც. მაშინ უამრავი ადამიანი დაიხოცა და ცხედრები კასპიის ზღვაში გადაყარეს. სურდათ ისეთივე კონფლიქტის გაღვივება, როგორც ეს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ყარაბაღის საკითხზე მოხდა. ეს მზადდებოდა იმისთვის, რომ ჩვენი ეროვნული მოძრაობა ეროვნებათა შორის დაპირისპირებასა და კონფლიქტში გადაეგდოთ, რათა დამოუკიდებლობის იდეა გვერდზე გადადებულიყო. მოულოდნელად აფხაზეთის მხარდამჭერი მიტინგი საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით შეიცვალა. აქვე უნდა ვთქვა, რომ თვითონ საბჭოთა კონსტიტუციაში დამოუკიდებლობის უფლება ფიქტიურად იყო ჩადებული, მაგრამ თუ ყველაფრის უფლება გვქონდა, მაშინ ტანკებით რაღატომ შემოდიოდნენ?! საქართველომ გორბაჩოვის მიერ გამოცხადებულ ფსევდო დემოკრატიას ნიღაბი ჩამოხსნა", - განაცხადა ნავროზაშვილმა.
იგი იხსენებს როგორ იმყოფებოდა დარბევის ღამეს რუსთაველის გამზირზე და როგორ არბევდა მშვიდობიან მოქალაქეებს რუსეთის წითელი არმია. ნავროზაშვილი ამბობს, რომ მიუხედავად მომატებული საფრთხისა, არავის უნდოდა დედაქალაქის ცენტრალური გამზირის დატოვება. იქ შეკრებილებს საერთო ნება - დამოუკიდებლობის წყურვილი აერთიანებდა.
"ზუსტად 8 აპრილის საღამოს ოჯახის წევრები ვენაცვლებოდით ერთმანეთს. საღამოს 17:00-18:00 საათისთვის, როგორც კი მივედი, გადაკეტილი ჰქონდათ ჩვენივე კაცებს, ბიჭებს ტერიტორია, რომ ქალები არ შემოხვიდეთო. ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე მოსალოდნელი იყო ბრძოლა, ძალადობა და დარბევა. ჩვენი ქართველების ბუნება კი სულ სხვაა, როცა წინააღმდეგობას წააწყდება, მაშინ უფრო იმუხტება. ჩვენ გავარღვიეთ პრაქტიკულად ჩვენი კაცების კორდონი და იქ ვიყავით. იქ იყო სანთლები, სიმღერა და ერთმანეთის მოფერება. ისეთი გარემო იყო, რომ იქიდან წასვლა არავის გვინდოდა. ხალხი რაიონებიდან ჩამოდიოდა. სულ აცხადებდნენ - მოდის ბოლნისი, ჭიათურა, ბათუმი და სხვა, ივსებოდა იქაურობა. იმ ღამეს არ მიფიქრია იმაზე, რომ შეიძლება ვერ გადავრჩე. თავისუფლების მოედნის მხრიდან მოდიოდა ჯარი, ალყაში ვიყავით, მაგრამ ერთად ყოფნა დიდ ძალას გვაძლევდა. ყველაფერი მოხდა დაახლოებით დილის 05:00 საათზე. როცა დაგვარბიეს, დაგვხოცეს და დაგვასახიჩრეს, ფანქრის, კალმის, ფურცლის და მსგავსი რაღაცების გარდა, ვერაფერი იპოვეს, რომ ბრალი დაედოთ, თითქოს ეს ძალადობრივი და არაკონსტიტუციური ამბავი იყო. პირველ დღეს მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გვქონდა. დაზარალებულები რომ იქნებოდნენ კი ვიცოდით, მაგრამ მსხვერპლის შესახებ უკვე მეორე დღეს შევიტყეთ.
"მეორე დღეს ქალაქი შეშლილი იყო. სიგნალები, მანქანები შავი ლენტებით - ამის შემდეგ სასწრაფოდ კომენდანტის საათი შემოიღეს, რომ როგორმე შეეჩერებინათ ეს ემოცია. საავადმყოფოდან საავადმყოფოში დავრბოდით, რომ გვეპოვა ხალხი, სიები იყო ყველგან გამოკრული. ჩემი მეუღლე მაშინ რესპუბლიკურ საავადმყოფოში მუშაობდა. ერთ-ერთი გარდაცვლილი გოგონა, ელისო ჭიპაშვილი ორსულად იყო და იქ სანიტრად მუშაობდა, სამედიცინოსთვის ემზადებოდა. მახსოვს პირველი დაკრძალვა იყო მზია ჯინჭარაძესი, ვაკეში, ხუთშაბათ დღეს და მოვიდა ბრძანება, რომ 10 თუ 30 კაცზე მეტი არ უნდა ყოფილიყო. იქაც შეიძლება ხალხი დაეჭირათ. დაკრძალვაზე, რომ მივედი, შავი ლენტი შემოხვეული ახალგაზრდები შემოდიოდნენ, ცოტა გეგონებოდა. გულში ვფიქრობდი, რომ ალბათ ხალხი დაფრთხა-თქო, მაგრამ რომ გამოასვენეს, ჭავჭავაძეზე უზარმაზარი პროცესია იყო. გლოვის პერიოდშიც კი წნეხს განვიცდიდით, მაგრამ ხალხი არ დაემორჩილა", - იხსენებს აქციის მონაწილე ჩვენთან საუბარში.
მისი თქმით, 9 აპრილი საქართველოსთვის გარდამტეხი დღე იყო, საიდანაც ყველაფერი დაიწყო.
"იმდენად ბრძენი ლიდერები გვყავდნენ, რომ ამხელა იმპერია აღმოჩნდა დამნაშავე საქართველოს წინაშე, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს იყო უდიდესი მოვლენა, რომელმაც საძირკველი ჩაუყარა 2 წლის შემდეგ გამოცხადებულ დამოუკიდებლობას. ეს იყო ძალიან დიდი გამარჯვება, რომელმაც მსოფლიოში საბჭოთა იმპერია შეარყია. სამძიმრის წერილები მოსდიოდა საქართველო სხვა ქვეყნებიდან და ასეთი ტექსტი იყო: მადლობა საქართველო! აიღეთ ასეთი ტვირთი და აიტანეთ გოლგოთაზე, რომელსაც ვერავინ გაუძლებდა. თქვენ შეასრულეთ ეს მისია და მადლობა საქართველო!" მერე დაიწყეს დახმარება, გაიხსნა საელჩოები. 9 აპრილიდან დაიწყო ყველაფერი და მადლობა გარდაცვლილთა სულებს. უნდა ვთქვა, რომ ნელ-ნელა, როდესაც გადატრიალება მოხდა საქართველოში, ყველა მოკლულის ოჯახი განადგურდა. როცა გადატრიალება მოხდა და შევარდნაძე ისევ ჩამოვიდა, ეროვნული ადამიანების დევნა გაგრძელდა. თამუნა ჭოველიძის დედა მოკლეს, ნათია ბაშალეიშვილის მამა მტკვარში, ნაწამები და გარდაცვლილი იპოვეს. 1989 წლის 9 აპრილიდან 1991 წლის დეკემბრის ჩათვლით, ჩვენ უკვე ფაქტობრივად ვიყავით თავისუფლები", - განაცხადა მზისო ნავროზაშვილმა.
9 აპრილი, როგორც დამოუკიდებლობის აღდგენა
დედაქალაქში წითელი არმიის შემოსვლისა და სისხლიანი დარბევის 2 წლის თავზე, საქართველომ ნანატრი დამოუკიდებლობა ჰპოვა. 1991 წლის 31 მარტს, დამოუკიდებელი საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ, ქვეყნის მასშტაბით რეფერენდუმი ჩაატარა. რეფერენდუმის ერთადერთი კითხვა იყო, თანახმა იყო თუ არა მოსახლეობა აღდგენილიყო საქართველოს სახელმწიფოებრიობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის დეკლარაციის შესაბამისად? ხსენებულ რეფერენდუმში მონაწილეობა ამომრჩევლების 90%-მა მიიღო. ამომრჩეველთა 98% ხმა დამოუკიდებლობას მისცა. მოკლული 21 მშვიდობიანი მოქალაქის პატივსაცემად ზვიად გამსახურდიამ 1991 წლის 9 აპრილს ერთიანი საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
"სიმბოლურია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება 9 აპრილს, ვინაიდან ამ დღეს გადაწყდა საქართველოს ბედი. 9 აპრილის წამებულთა სულები დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამეთუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს", - ამბობდა გამსახურდია დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადების დროს.
31 წლის განმავლობაში ქვეყანამ გამოიარა დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი, პუტჩი, ვარდების რევოლუცია, აგვისტოს ომი, თუმცა 9 აპრილი ყოველთვის იქნება დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი პირველი ფურცელი და ქვეყანა ყოველ წელს იხსენებს თავისუფლებისთვის მებრძოლ გმირებს!