logo
ENG



9 სასურსათო პროდუქტზე ფასების შენარჩუნების მიზნით, ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი გამოიყოფა

24 მარ 202016:42
3 წუთის საკითხავი
 
fh6v2emytsrcsw7.jpg

პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2020 წლის ბიუჯეტის ასიგნებებიდან 10 მილიონი ლარი გამოიყოფა.

ამის შესახებ მთავრობის დადგენილებაშია აღნიშნული, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აწერს.

საუბარია 9 პროდუქტზე: ბრინჯი, მაკარონი, მზესუმზირის ზეთი, ფქვილი, შაქარი, ხორბალი, რძის ფხვნილი, წიწიბურა, ლობიო.

დადგენილების თანახმად, სახელმწიფო პროგრამის მიზანია პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე არსებული საცალო სარეალიზაციო ფასების შენარჩუნება სავალუტო კურსის ცვალებადობის მიუხედავად, ასევე ქვეყანაში პროდუქტების საჭირო მარაგების შექმნის სტიმულირება.

„პროგრამა ითვალისწინებს ბენეფიციარებისთვის 2020 წლის 15 მარტიდან 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით, საქართველოში პროდუქტების იმპორტის მიზნით, უცხოურ ვალუტაში (აშშ დოლარი და ევრო) გაწეული/გასაწევი ხარჯის სავალუტო კურსით გამოწვეული ცვლილების სუბსიდირებას, შემდეგი პირობებით:

პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდირება განხორციელდება  თანხის იმ ოდენობაზე, რომელიც მოიცავს პროდუქციის შესყიდვისა და საქართველომდე ტრანსპორტირების ღირებულებას, ხოლო შერეული საქონლის შემთხვევაში, ტრანსპორტირების ღირებულება გაითვალისწინება შესაბამისი პროპორციით;

სუბსიდიით ბენეფიციარი ისარგებლებს იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად, კონვერტაციის დღეს 1 აშშ დოლარის  ღირებულება აღემატება 3 ლარს, ხოლო ევროს შემთხვევაში – 1 ევროს ღირებულება – 3.3 ლარს;

თუ პოტენციურ ბენეფიციარს არ უფიქსირდება პროდუქციის რეალიზაცია 2020 წლის 10 მარტის ჩათვლით, მას შეუძლია, მიიღოს პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდირება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოახდენს/მოახდინა პროდუქტის იმპორტი  საქართველოში  2020 წლის 15 მარტიდან 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით და  განახორციელა პროდუქტის რეალიზაცია არა უმეტეს 2020 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 10 მარტის ჩათვლით სამსახურში დაფიქსირებულ შესაბამისი პროდუქტის უმცირეს სარეალიზაციო ფასად;

სუბსიდია განხორციელდება პროდუქტის იმ ჯამური მოცულობის თანხის ლიმიტზე, რომელიც საქართველოში იმპორტირებული იყო 2019 წლის 1 მარტიდან 2019 წლის 31 მაისის ჩათვლით. აღნიშნულ პერიოდში იმპორტირებული საქონლის ჯამურ მოცულობას დაადგენს სამსახური და აცნობებს სააგენტოს;

სუბსიდირება განხორციელდება 2020 წლის 15 ივლისის ჩათვლით“, - ნათქვამია მთავრობის დადგენილებაში.


close დახურვა