ევროპარლამენტარები პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს გვარამიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით წერილს ელექტრონულ ფოსტაზე უგზავნიან.
წერილის ავტორი პარტია ევროპის ლიბერალურ-დემოკრატიული ალიანსია (ALDE).
პარტიის წევრებმა ვიდეო ამ გზავნილით Twitter-ზეც გაავრცელეს და მოქალაქეებსაც მოუწოდებენ, ანალოგიური მოთხოვნით ღარიბაშვილს მეილი გაუგზავნონ.
ღარიბაშვილმა ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინებები შემდეგი სათაურებით მიიღო:
- გაათავისუფლეთ ნიკა გვარამია, ახლავე!
- საქართველოს სჭირდება თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია
- საქართველო იმსახურებს ევროკავშირში გაწევრიანებას
ALDE 1976 წელს შეიქმნა და ევროპის მასშტაბით სხვადასხვა ქვეყნის 70 პოლიტიკურ პარტიას აერთიანებს.
***
2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და პატიმრობაში დატოვა.
სასამართლომ გვარამია გარდა ავტომობილის ეპიზოდისა, დამნაშავედ ცნო სარეკლამო შემოსავლების ეპიზოდზეც და თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა, სასჯელის შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქა მეორე და თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით მიესაჯა.
პროკურატურა მთავარი არხის დამფუძნებელს ნიკა გვარამიას ჯერ კიდევ რუსთავი 2-ის დირექტორობის დროს, ტელეკომპანიის კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდა.
ნიკა გვარამია სასამართლომ ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო. სასამართლომ დამნაშავედ ცნო გვარამია სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, კერძოდ პორშეს ეპიზოდში და სასჯელის სახით განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. თითქმის 7 მილიონი ლარის ზიანის მიყენების საქმეზე კი სასამართლომ მუხლი გადაკვალიფიცირდა. გაფლანგვის ნაცვლად გვარამია და დამენია უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ცნეს დამნაშავედ. დამენიას 50 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.
ზურაბ იაშვილი და ნიკა გვარამია კომერციულ მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების საქმეზე უდანაშაულოდ ცნეს. ნიკა გვარამიას მიმართ 2022 წლის 16 მაისს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, დანაშაულის შემადგენლობის და სასჯელის ზომის განსაზღვრის თვალსაზრისით, მნიშვნელოვან დარღვევებს შეიცავს, რაც დეტალურადაა აღწერილი საქართველოს სახალხო დამცველის, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებული შეფასებებში.