logo
ENG



Amnesty International: ხელისუფლების ქმედებები შეიძლება ძალადობაზე მწვანე შუქად აღიქმებოდეს

12 ივნ 202416:28
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/12/tty5g1nta9jfl6k.jpg

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმას ეხმაურება. 

ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილის, დენის კრივოშევის განცხადებით, ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გამოიძიოს კრიტიკოსებზე თავდასხმები. 

მისი თქმით, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ის, რომ ათობით ძალადობრივი შემთხვევის შემდეგ, ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებიდან რამდენიმე საათში მოხდა.

"ხელისუფლების წარმომადგენლების ასეთი ქმედებები ადვილად შეიძლება იქნას აღქმული, როგორც მწვანე შუქი ძალადობაზე ხელისუფლების კრიტიკოსების მიმართ, რომელიც დაუსჯელი დარჩება", - განაცხადა მან.   

კრივოშევის თქმით, საქართველოს განსხვავებული აზრის დევნა არის ადამიანის უფლებებზე თავდასხმა და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევა. ასევე, აღნიშნავს, რომ რაც უნდა მკაცრი იყოს ხელისუფლების კრიტიკა, სიტყვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს, ხოლო საჯარო მოხელე ვალდებულია, გაუძლოს მას. 

"ხელისუფლებამ უნდა დაასრულოს ძალადობის ციკლი, დაუყოვნებლივ გამოიძიოს ყველა ძალადობრივი თავდასხმა და უზრუნველყოს, რომ პასუხისმგებელი პირები, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი, დაისაჯონ სამართლიანი სასამართლოს გზით", - აღნიშნა მან.

 

close დახურვა