ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ თამარ მეარაყიშვილისა და ირინა ქელეხსაევას მიმართ სამართლებრივი დევნა უნდა შეწყვიტოს, - ამის შესახებ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის „ამნესტი ინთერნეიშენალის“ (Amnesty international) განცხადებაშია აღნიშნული.
სპეციალური განცხადების ავტორები წერენ, რომ ჟურნალისტების კრიტიკის საპასუხოდ, დე ფაქტო ხელისუფლებამ მათ წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა წამოიწყო.
ორგანიზაცია ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ეგრეთ წოდებულ ხელმძღვანელებს მოუწოდებს, ჟურნალისტებზე ზეწოლა შეწყვიტონ და მათი გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყონ.
„ბოლო განცხადება გამოიწვია ბოლო სასამართლო პროცესმა, სადაც მაგალითად იმ საქმესაც განიხილავდნენ, რაზეც ბრალი უზენაესმა სასამართლომაც მომიხსნა. კიდევ დაერთო ირინა ქელეხსაევას წინააღმდეგ დაწყებული დევნა. მის წინააღმდეგ იუსტიციის მინისტრმა შეიტანა საჩივარი. რთულად დასამტკიცებელ მუხლს ირჩევენ. ხელისუფლებას უჭირს ამ ბრალდების დამტკიცება, რომ ნამდვილად ცილისწამება იყო, ეს ჩემ შემთხვევაშიც და ირინას შემთხვევაშიც ასეა. უბრალოდ ისინი ამას იყენებენ იმისთვის, რომ ჩვენს დევნას ჰქონდეს სამართლებრივი საფუძველი. კარგად ვიცნობ ბიბილოვის მართვის სტილს და ძალიან მკაცრად უნდა შეაფასონ ეს ყველაფერი, რომ მის გონებამდე მივიდეს, რომ ეს პირველ რიგში მას არ უნდა უღირდეს, ასეთი ბრძოლა გამოგვიცხადოს“, - აცხადებს თამარ მეარაყიშვილი.