Associated Press საქართველოში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე სტატიას აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ საქართველო ემზადება არჩევნებისთვის, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის მომავალს ევროპაში.
გამოცემა წერს, რომ სამხრეთ კავკასიის 3.7 მილიონიან ქვეყანაში ბევრს სჯერა, რომ არჩევნები ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება მათ ცხოვრებაში და ეს იქნება გადამწყვეტი ხმა ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობაზე.
AP-ს მაგალითად მოჰყავს გამოკითხვები და მიუთითებს, რომ ქართველების დაახლოებით 80% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას და ასევე აღნიშნავს, რომ ლიდერებს როგორც ევროკავშირში, ასევე NATO-ში გაწევრიანებას კონსტიტუცია ავალდებულებს.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ივლისში, ბრიუსელმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების წინადადება განუსაზღვრელი ვადით გადადო მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონი მიიღო, რომელიც რუსეთის მსგავსი კანონმდებლობის მოდელით არის შექმნილი და ავალდებულებს მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციებს და სხვა არაკომერციულ ჯგუფებს დარეგისტრირდნენ, როგორც "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი", თუ იღებენ დაფინანსების 20%-ზე მეტს საზღვარგარეთიდან.
სტატიაში მოყვანილია ქართული ოცნების მტკიცებაც კანონთან დაკავშირებით, რომ ეს "საჭიროა მავნე უცხოელი აქტორების შესაჩერებლად, რომლებიც ცდილობენ დესტაბილიზაციას ქვეყანაში". ასევე, მოყვანილია აქტივისტების აზრიც, რომ კანონის ნამდვილი მიზანი "მათი სტიგმატიზაცია და არჩევნებამდე დებატების შეზღუდვაა".
AP წერს, რომ 2012 წლის შემდეგ, როდესაც ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში, მან გასცა დაპირება, რომ აღადგენდა სამოქალაქო უფლებებს და "გადატვირთავდა" მოსკოვთან ურთიერთობებს. A
P წერს, რომ პარტია, რომელიც ჩრდილოვანმა მილიარდერმა, ბიძინა ივანიშვილმა დააარსა, რომელმაც თავისი ქონება რუსეთში მოიპოვა, მოსახლეობას ევროკავშირში გაწევრიანებას დაჰპირდა, თუმცა აღნიშნულია, რომ შემდეგ მმართველმა პარტიამ მოსკოვისკენ სვლა დაიწყო, ამ კონტექსტში ნახსენებია აქციების მიუხედავად "უცხოურ გავლენებზე" კანონის მიღება, საერთაშორისო სანქციებისგან თავის შეკავება და ლგბტქ+ უფლებების მკვეთრი შეზღუდვა.