გამოცემა Axios-ის ინფორმაციით, ისრაელმა, კატარისა და ეგვიპტის შუამავლების დახმარებით, ჰამასს ღაზაში დარჩენილი ყველა მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ 2 თვით ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზა. როგორც Axios წერს, ამის შესახებ მან ორი ისრაელელი ოფიციალური პირისგან შეიტყვო.
ღაზაში ამ დრომდე 130-მძევალი რჩევა. ისრაელის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ რამდენიმე ათეული მძევალი ან 7 ოქტომბერს დაიღუპა ან მას შემდეგ რამდენიმე კვირაში.
ისრაელელი ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ ისრაელის ომის კაბინეტმა მძევლების შეთანხმების ახალი პარამეტრები 10 დღის წინ დაამტკიცა, რომელიც ჰამასის მიერ დაწუნებული წინა წინადადებებისგან განსხვავდება. მათივე თქმით, ისინი ჰამასისგან პასუხს ელიან, მაგრამ აღნიშნეს, რომ ფრთხილად ოპტიმისტურად არიან განწყობილნი.
წინადადების თანახმად, გარიგება მოიცავს ყველა დარჩენილი მძევლის გათავისუფლებას, რომლებიც ცოცხლები არიან და გარდაცვლილი მძევლების ცხედრების დაბრუნებას. პირველი ეტაპი ითვალისწინებს, ქალების, 60 წელს ზემოთ კაცებისა და კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი მძევლების გათავისუფლებას. შემდეგი ეტაპი მოიცავს ქალი ჯარისკაცების, 60 წლამდე კაცების, რომლებიც არ არიან ჯარისკაცები, კაცი ჯარისკაცებისა და ცხედრების გათავისუფლებას.
შეთანხმების თანახმად, ისრაელი და ჰამასი წინასწარ შეთანხმდებიან, თუ რამდენი პალესტინელი პატიმარი გათავისუფლდება თითოეულ ეტაპზე და შემდეგ გაიმართება ცალკეული მოლაპარაკებები ამ პატიმრების სახელებზე.
ისრაელის ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ ეს წინადადება ცხადყოფს, რომ ისრაელი არ დათანხმდება ომის დასრულებას და არ დათანხმდება ისრაელის ციხეებიდან 6000-ვე პალესტინელი პატიმრის გათავისუფლებას.