logo
ENG



BASSIANI: დავიკავებთ ქუჩებს - სრულ გამარჯვებამდე, დაიკავე ქუჩა შენც

11 მაი 202416:51
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/11/slivvekp87zbu4e.png

კლუბი BASSIANI ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ხელისუფლებას აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. 

როგორც BASSIANI-ს განცხადებაშია აღნიშნული, ისინი უერთდებიან დღეს დაგეგმილ საპროტესტო მსველობას და უწყვეტ პროტესტს აანონსებენ. 

ფორმულა განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: 

"საქართველოში განვითარებული მოვლენები, საგარეო ვექტორის ცვლილება, უკანონო დაჭერები, ჩასაფრებები, ფიზიკურ თავდასხმები, ორგანიზებული პოლიტიკური ანგარიშსწორება, შანტაჟი და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების წინააღმდეგ წარმოებული ღირსების შემლახავი, ფაშისტური და შეურაცხმყოფელი კამპანია ცხადყოფს, რომ ხელისუფლება, რომელმაც სრულად დაკარგა ლეგიტიმაცია, ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, გადასულია დაშინების და ტერორის გზაზე. მიმდინარე დღეების განმავლობაში, რეპრესიული მეთოდების სამიზნე გახდა BASSIANI-ის არაერთი თანამშრომელიც, კლუბის ხანგრძლივი და ერთგული მეგზურები და მეგობრები, რომლებიც ახლა კანონო პატიმრობაში არიან. პირველ რიგში, მოვითხოვთ ქვეყნის კეთილდღეობისთვის მებრძოლი და უკანონოდ დაპატიმრებული თითოეული მოქალაქის გათავისუფლებას. ჩვენი საზოგადოება არაერთხელ გამხდარა ასეთი ძალადობრივი მეთოდების სამიზნე, და ისტორიას კარგად ახსოვს, რომ ყოველთვის, გამონაკლისის გარეშე, მმართველი პოლიტიკური კლასის ბრძოლა თავისუფლების წინააღმდეგ, და ხალხის ბრძოლა თავისუფლებისთვის, ხალხის გამარჯვებით სრულდებოდა. ასე იქნება ახლაც, რადგან ამჯერად, ყველაფერთან ერთად სასწორზე დგას ჩვენი მომავალი და საზოგადოების სრული უმრავლესობის ისტორიული არჩევანი, რომლის შეცვლას განხილვას არ ექვემდებარება - რუსული იმპერიალისტური ზრახვები და მისი აღვირახსნილი მმართველობა საქართველოში მარცხისთვისაა განწირული.

დღეს,11 მაისს, 19:00 საათზე, BASSIANI უერთდება საყოველთაო საპროტესტო მსვლელობას მარჯანიშვილის მოედნიდან - ევროპის მოედნამდე, და როგორც ყოველთვის ახლაც, მიგვაჩნია, რომ გადამწყვეტ ბრძოლაში, არც დუმილის, არც უკანდახევის უფლება არ გვაქვს, რადგან დუმილისა და უკანდახევის უკან - მხოლოდ უფსკრულია. არ არსებობს შიში, ტერორი და რეპრესია, რომელსაც მომავლის ხედვითა და იდეით გაერთიანებული გაბრაზებული ხალხის წინააღმდეგობის შეჩერება შეუძლია. დავიკავებთ ქუჩებს, არამხოლოდ 11 მაისს, არამედ ყოველ მომდევნო დღეს - სრულ გამარჯვებამდე. დაიკავე ქუჩა შენც", - წერია განცხადებაში. 


close დახურვა