logo
ENG



BBC: პუტინის მუქარის მიუხედავად, ბრიტანეთი უკრაინას შორი რადიუსის რაკეტებს უგზავნის

06 ივნ 202208:56
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/06/amb8o2vax4recsq.jpg

BBC-ის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მუქარის მიუხედავად, დიდი ბრიტანეთი უკრაინას შორ რადიუსზე მოქმედი M270 სარაკეტო სისტემების პირველ პარტიას გაუგზავნის.

ბრიტანეთის მთავრობას ჯერ არ დაუკონკრეტებია, რა რაოდენობის სარაკეტო სისტემას მიაწვდის ქვეყანას, თუმცა BBC წერს, რომ თავდაპირველად უკრაინაში 3 M270 ტიპის სარაკეტო სისტემა გაიგზავნება.

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, ბენ უოლესის თქმით, ამ ტიპის სარაკეტო სისტემები უკრაინას რუსეთისგან თავის დაცვაში დაეხმარება.

"როგორც რუსეთის ტაქტიკა იცვლება, ასევე უნდა შეიცვალოს ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ეს მრავალჯერადი გამშვების სარაკეტო სისტემები საშუალებას მისცემს ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, უკეთესად დაიცვან თავი შორ მანძილზე მოქმედი არტილერიის გამოყენებისგან, რომელსაც პუტინის ძალები ქალაქების გასანადგურებლად იყენებენ", - ამბობს ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი. 

ცნობილია, რომ უკრაინელი სამხედროები სარაკეტო სისტემების გამოყენების შესწავლის მიზნით წვრთნებს ბრიტანეთშივე გაივლიან.

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი იმუქრება, რომ იმ შემთხვევაში, თუ აშშ უკრაინას უფრო შორი რადიუსის რაკეტებს მიაწვდის, დაარტყამს ისეთ ადგილებს, რომლებიც ჯერ არ გამხდარა რუსული თავდასხმის მსხვერპლი.


close დახურვა