BBC, რომელსაც საგამოძიებო ფილმის გამოქვეყნების შემდეგ ქართული ოცნების მთავრობა სამართლებრივი დავის წამოწყებით ემუქრება, მათ პასუხობს.
ფორმულასთან BBC-ის სპიკერი ამბობს, რომ იცავენ ჟურნალისტურ სამუშაოს და მადლობას უხდიან მონაწილე მამაც კონტრიბუტორებს.
ასევე, კვლავ აღნიშნავს, რომ გამოძიება მოიცავს არაერთი წყაროს მტკიცებულებებს და ამბობს, რომ რეპორტაჟი "მტკიცედ ემსახურება საზოგადოების ინტერესს".
"ჩვენი დოკუმენტური ფილმი, "როდესაც წყალი გწვავს: ბრძოლა საქართველოსთვის", რომელიც ჯილდოს მფლობელმა BBC EYE-ს გუნდმა მოამზადა, თბილისში შარშან, დემონსტრანტების წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის ქმედებების გამოძიებაა. ის მოიცავს არაერთი წყაროს მტკიცებულებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ - მათ შორისაა თავად დემონსტრანტების, არაერთი ინფორმატორის, გაეროს ექსპერტების და საქართველოში მომუშავე ექსპერტების ჩვენებები, ასევე სამედიცინო კვლევები, წერილობითი საბუთები და ანგარიშები. ეს რეპორტაჟი მტკიცედ ემსახურება საზოგადოების ინტერესს და შეგროვებული მტკიცებულებები აუდიტორიას ნათლად წარედგინა. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ჟურნალისტურ სამუშაოს და მადლობას ვუხდით მონაწილე მამაც კონტრიბუტორებს".
***
BBC ვრცელ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც წერია, რომ მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ გასულ წელს საქართველოს ხელისუფლებამ ანტისახელისუფლებო დემონსტრაციების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა.
BBC-ის თანახმად, მათმა სამსახურმა ისაუბრა ქიმიური იარაღის ექსპერტებთან, საქართველოს საპოლიციო სპეცრაზმის ინფორმატორებთან და ექიმებთან და აღმოაჩინა, რომ არსებული მტკიცებულებები მიუთითებს ნივთიერების გამოყენებაზე, რომელსაც ფრანგული სამხედრო უწყება "კამიტეს" უწოდებდა - ეს ნივთიერება ბრომობენზილ ციანიდია, რომელიც მოკავშირეებმა პირველ მსოფლიო ომში გამოსაყენებლად შექმნეს.
სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, ქართულმა ოცნებამ განცხადება გაავრცელა და განაცხადა, რომ ის მათ წინააღმდეგ "ცრუ ბრალდებებს" შეიცავს. პარტია აცხადებს, რომ BBC-ის მიერ გავრცელებული "მძიმე და დაუდასტურებელი ბრალდებების" გამო, საერთაშორისო სასამართლოში სამართლებერივ დავას იწყებს.
მოგვიანებით, BBC-ის მიერ გავრცელებულ მასალაზე სუს-მა გამოძიება დაიწყო.
