გერმანული გამოცემა BILD საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშისა და მისი ცოლის ქართულ ოცნებასთან კავშირების შესახებ სტატიას აქვეყნებს.
მოცულობით სტატიაში საუბარია, როგორც წლების განმავლობაში გერმანიის ელჩის მხრიდან მმართველი გუნდის მხარდამჭერ ქმედებებსა და განცხადებებზე, ასევე ელჩის ცოლის შემოსავლის სხვადასხვა წყაროზე, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება.
გთავაზობთ კრიტიკული შინაარსის გერმანულენოვანი სტატიის სრულ თარგმანს:
მაშინ, როცა გერმანიის ელჩი საქართველოში ხელისუფლების მიმართ თვალშისაცემად კეთილგანწყობილად მიიჩნევა, მისი ცოლი ორმაგ სარგებელს იღებს: საქართველოს ხელისუფლებასთან კონტრაქტსა და საჯარო სამსახურს ოლიგარქის უნივერსიტეტში.
ანტი-კორუფციული ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა ამას "შესაძლო კორუფციის შემთხვევის" ნიშნად განიხილავს.
დიპლომატი ჰუბერტ ქნირში გერმანიის ელჩი კავკასიის პატარა ქვეყანაში, საქართველოში, 2018 წლის სექტემბრიდანაა. მანამდე ის 4 წლის განმავლობაში საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის მოსკოვში მუშაობდა.
ამის შემდეგ ქნირშს მუდმივად ბრალს სდებდნენ ცალმხრივ განცხადებებსა და ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილისა და ქართული ოცნების პოლიტიკური გავლენის ქვეშ მოქცევაში.
BILD ყველაზე გამორჩეული შემთხვევების ჩამონათვალს გთავაზობთ.
- ქნირში ხელსუფლებას NGO-ების კრიტიკისგან იცავს
2020 წლის ივნისში, საქართველოს მთავრობამ გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის წევრობის კანდიდატად ისეთი პოლიტიკოსი წარადგინა, ვინც ჰომოფობად და უმცირესობების მოწინააღმდეგედაა მიჩნეული. ათობით ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ეს ფაქტი გააპროტესტა. თუმცა ქნირშმა არა ამ სადავო ნომინაციას, არამედ სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან ლგბტ თემის მტრის კრიტიკას უპასუხა კრიტიკით.
ქნირშმა NGO-ები დაადანაშაულა, რომ ისინი "ამ დონემდე დაეშვნენ" ამ პირადი ხასიათის თავდასხმებით და მათი ქმედებები იმ არაჯანსაღ დაპირისპირებას შეადარა, რაც ოპოზიციასა და მმართველი პარტიას შორისაა.
ამაზე პასუხად, 44-მა ორგანიზაციამ გერმანიის ელჩის მიმართ საჩივრის წერილი გამოაქვეყნა. წერილში საუბარია, რომ ქნირში ძირს უთხრის “სამოქალაქო ორგანიზაციების ძალისხმევას, გამოააშკარაონ ადამიანის უფლებებზე თავდასხმისა და ხელისუფლების მხრიდან დემოკრატიის პრინციპების დარღვევის შემთხვევები”.
ამ წერილის ერთ-ერთი ხელმომწერი, ორგანიზაცია Tbilisi Pride-ის დირექტორი, გიორგი თაბაგარი BILD-ს ეუბნება:
"მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ გერმანიის ელჩები იქნებოდნენ ადამიანების უფლებათა და დემოკრატიის უპირველესი დამცველები, მაგრამ ბატონი ქნირში ბოლო წლებში საეჭვო პოზიციებს ირჩევს. მისი ღია მხარდაჭერა სოფიო კილაძის მიმართ, ვინც ქართული ოცნების ყოფილი წევრია და ცნობილია თავისი ანტი-ჰუმანური პოლიტიკით, განსაკუთრებით იმედგამაცრუებელი იყო".
- ქნირში პატიმრების გამოშვების შეთანხმებაზე ქართული ოცნების ხაზს იმეორებს
ასევე, 2020 წელს, ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმდნენ მომავალ საკონსტიტუციო ცვლილებებზე. ამ კომპრომისის ნაწილი იყო პოლიტპატიმარი გიორგი რურუას გათავისუფლებაც, რისი გარანტიაც ქნირშმა ვერბალურად გააჟღერა.
ოპოზიცია ენდო გერმანელი დიპლომატის სიტყვას, თუმცა 3 თვის შემდეგ გერმანიის ელჩმა ერთ-ერთ ქართულ ტელევიზიას განუცხადა: “ბატონი რურუა არ იყო ნახსენები 8 მარტს შეთანხმებაში. ეს მკაფიოა და ყველას შეუძლია წაიკითხოს".
ოპოზიციური ლიდერი თინა ბოკუჩავა, რომელიც პირადად ესწრებოდა შეთანხმებას, BILD-ს ეუბნება, რომ რურუას გათავისუფლება ნამდვილად იყო ხელისუფლებასთან შეთანხმების ნაწილი. ხელისუფლებას არ უნდოდა მისი სახელის ჩაწერა და სწორედ ამ მიზეზით ოპოზიციამ მოიწვია რამდენიმე ელჩი, რათა ყოფილიყო შეთანხმების შესრულების გარანტია.
ბოკუჩავას თქმით, ელჩმა იცრუა და ამ ტყუილის გაჟღერებით ქართულ ოცნებას საჯაროდ დაუჭირა მხარი.
- ქნირში ეწინააღმდეგება გერმანიის გენერალური პროკურატურას
2020 წლის ივნისში ქნირში წავიდა გერმანიის მთავრობის წინააღმდეგ, რათა დაეცვა საქართველოს ხელისუფლება.
ქნირშის მესიჯი ეწინააღმდეგებოდა ფედერალური გენერალური პროკურატურის ოფისს, რომელმაც მანამდე აღნიშნა, რომ 2019 წლის აგვისტოში, ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის ერთ-ერთი მთავარი მოტივი მოკლულის მხრიდან საქართველოს პრორუსულ ხელისუფლებასთან დაპირისპირება იყო.
ქნირშმა გერმანიის საელჩოს ფეისბუქით გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც გერმანიის პროკურატურის მხრიდან სიტყვების არასწორ, გაუგებარ ფორმულირებას ჰქონდა ადგილი და გერმანიის სამართლებრივი უწყებების მიზანი არ უნდა იყოს საქართველოს მთავრობის რაიმე გზით დახასიათება.
- ქნირში ულოცავს ხელისუფლებას იმ არჩევნებში გამარჯვებას, რომლის ლეგიტიმურობაც საკამათოა
2021 წლის ოქტომბერში ელჩმა ძალიან სწრაფადვე გადაწყვიტა, რომ ობიექტურად ეცნო ადგილობრივი არჩევნები, რომელშიც ქართული ოცნების პოლიტიკოსებმა 20-დან 19 ქალაქში გაიმარჯვეს. ქნირშმა განაცხადა, რომ ულოცავს ყველას, ვინც მერად აირჩა. ოპოზიციას კი უთხრა, რომ ამ შედეგების მიღება მათი "ფუნდამენტური დემოკრატიული ვალდებულებაა".
ამ არჩევნების გაყალბებაზე არა მხოლოდ ოპოზიცია და ადამიანის უფლებათა ორგანიზაციები არამედ საერთაშორისო დამკვირვებლებიც საუბრობდნენ. ეუთოს დამკვირვებლებმა ისაუბრეს "ფართომასშტაბიან ზეწოლასა და დაშინებაზე, ისევე როგორც ხელისუფლების გაუმართლებლად უპირატეს მდგომარეობაში ყოფნაზე".
მეორე მხრივ, როცა BILD-მა ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰკითხა, მათ უპასუხეს, რომ "ქნირშმა ყველას მიულოცა ვინც მერიისა და საკრებულოს პოზიციები დაიკავა და ელჩის პოზიცია არ განსხვავდება არჩევნების ევროკავშირისეული შეფასებისგან".
- ქნირშის წინააღმდეგ მიმართული "ოპოზიციის ცილისმწამებლური კამპანია"
საქართველოს მმართველმა პარტიამ, რომლის უკანაც მილიარდერი ოლიგარქი და რუსეთის მეგობარი ბიძინა ივანიშვილი დგას, თავის მხრივ, დაიცვა ელჩი ქნირში. 2020 წლის ივლისში ქართულმა ოცნებამ დაგმო ის "ცილისმწამებლური კამპანია საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის წინააღმდეგ, რომელსაც ოპოზიციის ლიდერები უდგანან სათავეში”.
გერმანიის ელჩი და მმართველი პარტია, როგორც ჩანს ჰარმონიულ ურთიერთობაში არიან, მაშინ როცა ერთი მხრივ, გერმანელ დიპლომატსა და მეორე მხრივ, სამოქალაქო საზოგადოებასა და ოპოზიციას შორის ურთიერთობა მტრულად გამოიყურება.
გერმანიის საგარეო სამინისტრო აღნიშნულს უარყოფს. BILD-ს შეკითხვაზე პასუხად უწყებაში ამბობენ, რომ გერმანიის საელჩო და ელჩი საუბრობენ "მათი საქმიანობისთვის შესაფერისად - კარგი ურთიერთობა საქართველოს ხელისუფლებასთან, ოპოზიციასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან".
- ელჩის ცოლის შემოსავლის წყაროები
ელჩის მეუღლე, ევა მარია ქნირში, ელჩთან ერთად თბილისში 2018 წელს გადმოვიდა. ის კომპიუტერული მეცნიერებების სფეროში მოწვეულ ლექტორად 2021 წლის გაზაფხულიდან მუშაობს.
"მას მოწვეული ლექტორის საფეხურის შესაბამისად საათობრივად უხდიან” უთხრეს BILD-ს ევა ქნირშის ადვოკატებმა. აღსანიშნავია, რომ ეს გერმანელი პროფესორებისთვის უნივერსიტეტებში ანაზღაურების ოთხ საფეხურს შორის ყველაზე მცირედ ანაზღაურებადი საფეხურია.
როგორც ელჩის ცოლის ადვოკატები და საგარეო საქმეთა სამინისტრო ირწმუნებიან, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) “საჯარო უნივერსიტეტია”, რაც ფორმალურად სიმართლეა. თუმცა ფაქტია, რომ ამ უნივერსიტეტმა 2019 წელს 145 000 ევრო, ხოლო 2020 წელს 610 000 ევრო მიიღო სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
მეორე მხრივ, უნივერსიტეტმა ქართუ ფონდისგან ერთჯერადად 1 მილიარდის ევროს ოდენობის ინვესტიცია მიიღო. ეს ფონდი მმართველი პარტიის დამაარსებლისა და ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის ოჯახს ეკუთვნის.
აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტის მხრიდან ეს არაა დამალული ხარჯები. პირიქით, ისინი საკუთარ ვებ-გვერდზე საჯაროდ უხდიან მადლობას თავის გულუხვ შემომწირველს.
თუმცა, ეს კვლავ არაა ერთადერთი რამ, რაც ამ უნივერსიტეტს უნიკალურს ხდის. საქართველოს ხელისუფლებამ განსხვავებული მიდგომა გამოიყენა ამ უნივერსიტეტის დაარსებისას.
მაშინ, როცა ჩვეულებრივი საჯარო უნივერსიტეტებს საქართველოში სწავლების ავტორიზაციისა და სასწავლო პროგრამების აკრედიტაციის მისაღებად ხანგრძლივი პროცესის გავლა უწევთ, ოლიგარქის უნივერსიტეტმა აკრედიტაცია 2019 წლის ნოემბერში, სპეციალურად მისთვის შექმნილი კანონით (კანონი #5274) მიიღო.
უნივერსიტეტის აღიარებისთვის, მათ უბრალოდ უნდა გამოექვეყნებინათ საკუთარი წესდება, რომელსაც შემდეგ ქართული ოცნების წევრებმა ხელი მოაწერეს.
ევა მარია ქნირშის დასაქმება ოლიგარქის უნივერსიტეტში არაა გერმანიის საელჩოს ოჯახის ბიუჯეტისთვის სახელმწიფო წყაროებიდან მიღებული ერთადერთი შემოსავალი.
2020 წლის ივნისიდან ევა მარია ქნირში შტატგარეშედ, "საქართველოს წარმომადგენლად" მუშაობს მიუნხენის კომპანია TUM International-ში. ეს მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის შვილობილი კომპანიაა.
ქნირშის ადვოკატები ამბობენ, რომ ის ამ სამსახურისთვის ძალიან დაბალ საათობრივ ანაზღაურებას იღებს.
"ის 2020 წელს თვეში 60 საათს მუშაობდა, 2021 წლიდან კი საათების რაოდენობა თვეში 30-მდე შემცირდა. თითოეული საათის მუშაობა აღრიცხულია” - ამბობენ ქალბატონი ქნირშის ადვოკატები.
მიუნხენში დაფუძნებული ამ კომპანიის საიტზე კი წერია რომ "TUM International საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მრჩეველია".
შესაბამისად, გერმანიის ელჩის ცოლი საქართველოში ყველაზე მდიდარი ადამიანისგან და ქართული ოცნების უკან მდგომი ოლიგარქისა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისგან ორმაგად სარგებლობს.
მისი შემოსავლის ერთი წყარო უშუალოდ იმ უნივერსიტეტში მუშაობაა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს. მეორე მხრივ კი ის მუშაობს გერმანულ კომპანიაში, რომელიც ოლიგარქის უნივერსიტეტის მრჩეველია.
ფედერალური საგარეო საქმეთა სამინისტრო ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს ელჩის მეუღლის დასაქმების საკითხში. BILD-ის კითხვებზე პასუხად, ისინი ამბობენ რომ მხარს უჭერენ საზღვარგარეთ პარტნიორებს შორის პროფესიულ ურთიერთობებს და აღნიშნავენ, რომ მათთვის ქალბატონი ქნირშის საქმიანობის შესახებ მათთვის ცნობილია.
- ელჩი ხელს უწყობს მისი ცოლის დამსაქმებელს
2021 წლის იანვარში, ელჩი ქნირში საქართველოს განათლების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს "ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის განვითარების" საკითხზე მსჯელობისთვის შეხვდა. ქნირშმა, რომელიც თავად იმყოფებოდა უნივერსიტეტის გახსნაზე, გამოხატა მომავალში თანამშრომლობის სურვილი და "უნივერსიტეტის გერმანელი და ქართველი პროფესორების აკადემიური მიღწევები" შეაქო.
თავის მხრივ, ქართული ოცნების მინისტრმა ელჩს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხარდაჭერისა და მრავალი მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი პროექტისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრმა ასევე აქო ოლიგარქი ივანიშვილი, ვისი "გულუხვი კონტრიბუციის" გარეშეც ამ დონის უნივერსიტეტი საქართველოში არ იარსებებდა.
- საერთაშორისო გამჭვირვალობა: "შესაძლო კორუფციის შემთხვევა"
BILD კვლევის შედეგები გააცნო როგორც მონაწილე პირებს, ასევე საქართველოს მხარესა და კორუფციის ექსპერტებს.
საქართველოს ანტი-კორუფციული ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობის, ვიცეპრეზიდენტმა, გიორგი ონიანმა, BILD-ს დაუდასტურა, რომ "გერმანიის ელჩი საქართველოში მმართველი პარტიის, ქართული ოცნებისადმი ნაკლებად კრიტიკულად აღიქმება". ის ამბობს, რომ ელჩის ცოლის სახელმწიფოსგან მიღებული ორმაგი შემოსავლები "შესაძლოა არ იყოს პრობლემა ისეთ ქვეყანაში, სადაც მყარი დემოკრატია და ფუნქციური ინსტიტუტებია, თუმცა საქართველოსნაირ ქვეყანაში, ეს ცხადად პრობლემაა".
ანტი-კორუფციული ორგანიზაციის მკვლევარი აჯამებს: "ელჩ ქნირშის ქმედებებისა და განცხადებების ფონზე, ეს სრულიად შესაძლებელია იყოს კორუფციის შემთხვევა ან მინიმუმ ინტერესთა კონფლიქტი”.
მიუხედავად იმისა, რომ BILD-ის კითხვებისთვის ქალბატონ ქნირშს პირადად არ უპასუხია, მისმა ადვოკატებმა გამოცემას უთხრეს, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფის კორუფციაში დადანაშაულება უსაფუძვლოა და BILD-ს სთხოვეს ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეეკავებინა.
საგარეო საქმეთა სამინისტროსგანც მსგავსი პასუხი გაჟღერდა, რომ ევა მარია ქნირში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში კომპიუტერული მეცნიერებების კურსებს ასწავლის და წარმოადგენს მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის შვილობილ კომპანიას, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს განვითარებაში ეხმარება. ოფისის განცხადებით, ამ ქმედებებიდან კორუფციის ბრალდების შექმნა აბსურდია.
თუმცა ელჩი ქნირშისა და მისი ცოლის მიმართ მხოლოდ ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა არაა კრიტიკულად განწყობილი.
ვიოლა ფონ კრამონი (მწვანეთა პარტია, 51 წლის), ვინც პასუხისმგებელია საქართველოზე ევროპარლამენტში დემოკრატიის გავრცელებისა და არჩევნებზე დაკვირვების კომიტეტში, BILD-ს ეუბნება:
"პოლიტიკურად პოლარიზებულ ქვეყანაში, პოლიტიკურ აზრსაა მოკლებული, მისი როგორც გერმანიის ელჩის ცოლის მუშაობა უნივერსიტეტში, რომელიც 99%-ით მმართველი პარტიის უკან მყოფი ოლიგარქის მიერაა დაფინანსებული.
რა თქმა უნდა, აქ ინტერესთა კონფლიქტია მისი ქმრის პოლიტიკურ ამოცანებთან. პირადად მე ვფიქრობ, ეს ძალიან პრობლემური საკითხია და მე მხოლოდ შემიძლია ვურჩიო მას, შეწყვიტოს ყველა ის საქმიანობა, რომლითაც სახელმწიფოსთან ხელშეკრულებებით შემოსავალს იღებს”, - ამბობს, ფონ კრამონი
აღსანიშნავია, რომ ქნირშის შემთხვევა არაა პირველი, როცა ელჩის ცოლი ოლიგარქი ივანიშვილისგან არაპირდაპირ იღებს შემოსავალს.
ქართველმა ექსპერტმა თორნიკე გორდაძემ, ბერლინის სტრატეგიული მეცნიერებების საერთაშორისო ინსტიტუტიდან, BILD-ს უთხრა, რომ "რამდენიმე წლის წინ, სხვა ევროპელი ელჩის მეუღლე ივანიშვილის დაფინანსებულ სკოლაში მუშაობდა. საქართველოში ყველაზე მდიდარ ადამიანისთვის ამგვარი ქმედებები, რა თქმა უნდა, მოწყალებაა და კორუფციასთან არანაირ კავშირშია. მეორე მხრივ კი ევროპული სტანდარტებით ეს ცხადად ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს".
დემოკრატიის მკვლევარი აღმოსავლეთ ევროპაზე ფოკუსით აგრძელებს: "ბატონი ქნირში ნამდვილად მიიჩნევა საქართველოში დასავლელ ელჩებს შორის ყველზე მეტად ხელისუფლების მომხრედ. ის ფაქტი, რომ მისი ცოლი მუშაობს ივანიშვილის ერთ-ერთ საგანმანათლებლო ინსტიტუტში კრავს ამ ერთიან სურათს და ჯდება მთლიან მონახაზში".
გერმანიის საგარეო პოლიტიკის საზოგადოების (DGAP) ექსპერტს საქართველოს საკითხებში, სტეფან მაისტერს განსხვავებული აზრი აქვს. "მე არ ვფიქრობ რომ აქ ინტერესთა კონფლიქტია" - ეუბნება ის BILD-ს. მიზეზი არის "სწავლების პრაქტიკა, რომელიც შეზღუდულად ანაზღაურებადია".
მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი "დიდწილად ბიძინა ივანიშვილის მიერაა დაფინანსებული", ეს არაა იშვიათი შემთხვევა საქართველოში, როცა ქვეყნის ყველაზე მდიდარი ადამიანი ჩართულია მნიშვნელოვან პროექტებში. საერთო ჯამში, ექსპერტისთვის “შემოსავლები, იმ ორივე საქმიანობიდან, რაც არაა იშვიათი ელჩის პარტნიორისთვის, არის ძალიან მცირე იმისთვის, რომ კორუფციაზე ვისაუბროთ". ამის გამოა, რომ მაისტერს არ სჯერა, რომ ეს თანამდებობები ელჩის აზრზე ან პოლიტიკაზე გავლენას ახდენს.
თუმცა აღსანიშნავია, რომ მაისტერი, რომელიც თბილისში 2019-2021 წლებში ჰაინრიხ ბიოლის ფონდში მუშაობდა, ასევე აღიარებს რომ: "მართალია, რომ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ზოგიერთი წევრი უკმაყოფილოა ბატონი ქნირშის ცალმხრივი პოზიციებით".