საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდზე ბოლო განკარგულება 2020 წლის 26 სექტემბერს გამოქვეყნდა, მას შემდეგ არც 2021 და არც 2022 წლებში მთავრობის მიერ მიღებული არცერთი განკარგულება საჯარო არ გამხდარა. ინფორმაციას გამოცემა BMG აქვეყნებს.
გამოცემა აცხადებს, რომ ყოველ მთავრობის სხდომაზე სულ მცირე 3 განკარგულება მტკიცდება და მათ შორისაა განკარგულებები სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზაციაზე და ფიზიკური პირებისა თუ კომპანიებისთვის ქონების სიმბოლურ ფასად გადაცემაზე.
ამასთანავე, საქართველოს მთავრობის რეგლამენტი ხელისუფლებას ავალდებულებს, რომ სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული საკითხების გარდა, ყველა განკარგულება ვებგვერდზე მიღებიდან არა უგვიანეს 3 დღეში უნდა აიტვირთოს.
თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) წარმომადგენელი, გიორგი ავალიშვილი BMG-სთან ჰყვება, რომ ორგანიზაციამ 2020 წლის დეკემბერში მთავრობის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში შეიტანა და 2020 წლის მარტიდან სექტემბრის ჩათვლით მთავრობის მიერ მიღებული განკარგულებები გამოითხოვა. IDFI-ის ცნობით, საკითხზე ამ დრომდე სასამართლოს სხდომაც არ ჩატარებულა. შესაბამისად, განკარგულებებზე, რომლებიც, წესით საჯარო უნდა იყოს, არასამთავრობო სექტორს მათი გამოთხოვის შემთხვევაშიც არ აქვს წვდომა.
ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს უფროსი ანალიტიკოსი, სანდრო ქევხიშვილი ფორმულასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ განკარგულებების არ გამოქვეყნება, სავარაუდოდ, პრემიერ მინისტრის დონეზეა მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ეს კი, მისი თქმით, იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება თავს ანგარიშვალდებულად არ თვლის, მოსახლეობას თავის გადაწყვეტილებები გააცნოს.
მთავრობის მიერ მიღებული განკარგულებები კი, ქევხიშვილის თქმით, სერიოზულ კორუფციასთან დაკავშირებით სერიოზულ კითხვებს აჩენს.
„განკარგულებების შემთხვევაში ინფორმაციის მიღების არცერთი არხი არ მუშაობს: არც ვებ-გვერდზე იდება ეს ინფორმაცია, არც საკანონმდებლო მაცნეზე იდება და არც საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შემთხვევაში ვიღებთ ამ დოკუმენტებს. ეს ერთადერთი იმას შეიძლება ნიშნავდეს, რომ აქ არის მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება უმაღლეს დონეზე, სავარაუდოდ, პრემიერის დონეზე, რომ არ გასცემენ ამ ინფორმაციას. ეს ნიშნავს იმას, რომ მთავრობას, ჩათვალეთ, დაკარგული აქვს ანგარიშვალდებულების შეგრძნება მოსახლეობის მიმართ, რომ ის არ თვლის თავს ვალდებულად, ანგარიში ჩააბაროს მოსახლეობას მის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით და ეს გადაწყვეტილებები, ძალიან ხშირად, სერიოზული კორუფციული კითხვების შემცველია“ - აცხადებს სანდრო ქევხიშვილი.
ამ საკითხზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.