logo
ENG



CNN: აშშ უკრაინას ბოლო თვეებში კონტრშეტევისთვის განკუთვნილ იარაღს აწვდიდა

30 აგვ 202223:39
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/30/0oizeynpjl3flow.jpeg

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აშშ უკრაინელ სამხედროებს იმ კონტრშეტევისთვის განკუთვნილ იარაღსაც აწვდიდა, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს. ინფორმაციას CNN თეთრი სახლის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

CNN წერს, რომ ოფიციალური პირის თქმით, უკრაინამ აშშ-ს თვეების წინ სთხოვა ისეთი ტიპის იარაღი, რომელიც სამხრეთ რეგიონში კონტრშეტევისთვის იყო აუცილებელი.

ოფიციალური პირის თქმით, შეერთებულმა შტატებმა შეასრულა მოთხოვნა - მათ შორის უკრაინას დამატებითი საბრძოლო მანქანები, საარტილერიო იარაღი და ჯაველინები გაუგზავნა, რომელიც კიევმა აქამდე გამოყოფილი დახმარებების სახით ბოლო ორი თვის განმავლობაში მიიღო.

CNN წერს, რომ დახმარების აღნიშნული პაკეტების შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილი იყო, თუმცა იმ დროისთვის ისე იყო გათვლილი, რომ არ გასაჯაროებულიყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კონტრშეტევისთვის განკუთვნილ იარაღსაც მოიცავდა.

CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი და გენერალი მარკ მილი რეგულარულ კონტაქტზე იყვნენ უკრაინელ კოლეგებთან, რათა ზუსტად განესაზღვრათ, კონკრეტულად რა ტიპის შეიარაღებას საჭიროებდნენ უკრაინელი სამხედროები ბრძოლის ველზე.

29 აგვისტოს, "კახოვკას" ოპერატიული ჯგუფის წარმომადგენლებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ  უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის რეგიონში თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს.

"კახოვკას" წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ საბრძოლო მოქმედებების დროს თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის 109-ე პოლკმა პოზიციებიდან უკან დაიხია, ისევე, როგორც უკან დაიხიეს რუსმა მედესანტეებმა, რომლებიც მხარს უჭერდნენ დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის დანაყოფებს.

გარდა ამისა, CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონთან ახლოს 4 სოფელი გაათავისუფლეს.

უკრაინის ცნობით, 29 აგვისტოს უკრაინის შეიარაღებული ძალები დაესხნენ თავს რუსული არმიის 13 სამეთაურო პუნქტს ხერსონის, ბერისლავისა და კახოვკას რაიონებში, ასევე იერიში მიიტანეს რუსულ საჰაერო თავდაცვის სისტემებზე. უკრაინელი სამხედროების განცხადებით, განადგურდა გადასასვლელი, რომელიც რუსებმა დნეპრის გადაღმა, სოფელ ლვოვოსთან ააშენეს. 

უკრაინული და დასავლური წყაროების ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევითი ოპერაცია უკრაინის სამხრეთით გრძელდება.


close დახურვა