ტელეარხ CNN-ის ცნობით, რუსეთი ითხოვს, რომ აშშ-სთან გასაცვლელი პატიმრების სიას დაემატოს ვადიმ კრასიკოვი, რომელიც საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის გამო გერმანიაში იხდის სასჯელს. CNN წერს, რომ ინფორმაცია მათ რამდენიმე წყარომ დაუდასტურა.
თორნიკე ხანგოშვილი 2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინის პარკში მოკლეს. მეორე დღეს დააკავეს რუსეთის მოქალაქე ვადიმ კრასიკოვი. გერმანიის ხელისუფლება ხანგოშვილის მკვლელობაში რუსეთის კვალს ხედავს, თუმცა მოსკოვი კავშირს უარყოფს.
ამჟამად რუსეთში აშშ-ს ორი მოქალაქეა დაკავებული. 2020 წლის ზაფხულში პოლ ვილანს ჯაშუშობის ბრალდებით 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. რაც შეეხება კალათბურთელ, ბრიტნი გრინერს ის მიმდინარე წლის თებერვალში ნარკოტიკების კონტრაბანდის ბრალდებით აეროპორტში დააკავეს. მის ბარგში ჰაშიშის ზეთი აღმოაჩინეს.
ამასთან, აშშ-ში 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს რუსეთის მოქალაქე, ვიქტორ ბუტს, რომელსაც იარაღის უკანონო გავრცელება ედება ბრალად. CNN წერდა, რომ აშშ-მ საკუთარი მოქალაქეების გაცვლა სწორედ ბუტში შესთავაზა.
CNN წერს, რომ რუსეთმა აშშ-ს არაოფიციალური არხებით აცნობა, ვიქტორ ბუტთან ერთად კრასიკოვის გაცვლასაც მოითხოვს, რომელიც FSB-ს აგენტია.
ტელეარხის ცნობით, რომ რუსეთის მოთხოვნა კრასიკოვის გაცვლაზე პრობლემურად იქნა აღქმული, მათ შორის იმის გამო, რომ ის ამჟამად გერმანიაში იხდის სასჯელს. ამასთან, იმის გამოც, რომ მოთხოვნა მიწოდებული იყო არა ოფიციალურად, არამედ FSB-ს არხის გამოყენებით, რასაც აშშ ლეგიტიმურ მოთხოვნად არ მიიჩნევს.
CNN აღნიშნავს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია მტკიცედ არის განწყობილი, რომ დაიბრუნოს მოქალაქეები. მაღალი თანამდებობის გერმანული წყარო ამბობს, რომ აშშ-მ უკვე მიმართა გერმანიას, შეუძლიათ თუ არა, რომ კრასიკოვი გაცვლაში ჩართონ. გერმანიაში კიდევ ერთი წყარო ამბობს, რომ საუბარი მაღალ დონეზე არ შემდგარა და კრასიკოვის ჩართვა გაცვლაში სერიოზულად არ განიხილება.
CNN-მა კომენტარისთვის სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართა, სადაც განაცხადეს, რომ "რათა შევინარჩუნოთ საუკეთესო შესაძლებლობა წარმატებული შედეგისთვის, არანაირ სპეკულაციაზე საჯაროდ კომენტარს არ გავაკეთებთ".
ოთხშაბათს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რამდენიმე კვირის წინ აშშ-მ მნიშვნელოვანი შეთავაზებით მიმართა რუსეთს, რათა გრინერისა და ვილანის გათავისუფლება გამარტივდეს.
პარასკევს ბლინკენი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ესაუბრა. როგორც სახელმწიფო მდივანი ამბობს, მათ პირდაპირ და ღია საუბარი ჰქონდათ.
"კრემლს მოვუწოდე, რომ მიეღოთ შეთავაზება პოლ ვილანისა და ბრიტნი გრინერის გათავისუფლების შესახებ", - აღნიშნა ბლინკენმა. უცნობია, იყო თუ არა საუბარი კრასიკოვზე.
CNN-თან რამდენიმე წყარო ამბობს, რომ რუსეთი გრინერისა და ვილანის სანაცვლოდ ორი პატიმრის გაცვლას მოითხოვს, მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა ეს კრასიკოვი.