აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნიუ-იორკის სისხლის სამართლის სასამართლოს დარბაზი დატოვა. ის დარბაზში დაახლოებით 1 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.
სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
როგორც დასავლური მედია წერს, დონალდ ტრამპი ფლორიდაში გაემგზავრა, სადაც, სავარაუდოდ, მოგვიანებით განცხადებას გააკეთებს.
CNN-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის მორიგი სასამართლო სხდომა 4 დეკემბერს გაიმართება.
აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს 34 მუხლით წაუყენეს ბრალი. ყოფილ პრეზიდენტს ბრალი ედება საბუთების გაყალბებაშიც.
დონალდ ტრამპი არცერთ წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.
სასამართლოში მისული დონალდ ტრამპი ოფიციალურად დააკავეს და ბრალის წაყენებამდე ფორმალურად დააპატიმრეს.
დაკავების დროს ტრამპს არ დაადეს ხელბორკილები, რადგან ის ყოფილი პრეზიდენტის სტატუსით სამართალდამცავი ორგანოების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშაა.
76 წლის დონალდ ტრამპი აშშ-ის პირველი ყოფილი პრეზიდენტია, რომლის წინააღმდეგაც სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.
ტრამპისთვის ბრალდების წაყენების შესახებ ცნობა 30 მარტს გავრცელდა. ისტორიული პროცესი ეხება გაჩუმებისთვის გადახდილ თანხას, რომელიც 2016 წლის არჩევნებამდე პორნოვარსკვლავს გადაუხადეს, რომელიც ამტკიცებს, რომ დონალდ ტრამპთან წარსულში სექსი ჰქონდა. კერძოდ საუბარია, რომ ტრამპის ყოფილმა ადვოკატმა მაიკლ კოენმა ყოფილ პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელს 130 ათასი დოლარი გადაურიცხა. ტრამპი ყველა ბრალდებას და დენიელსთან რაიმე კავშირს უარყოფს.
შეთანხმებები საიდუმლო გადახდების შესახებ არალეგალური არაა, თუმცა მანჰეტენის პროკურორი იძიებს, გადახდასთან დაკავშირებული საქმიანი ჩანაწერები ხომ არ იყო ფალსიფიცირებული.